მთავარი საზოგადოება საყურის ტარების გამო თბილისში მამაკაცს სცემეს

საყურის ტარების გამო თბილისში მამაკაცს სცემეს

25 წლის ნიკა ბერიძეს დღეს, დღის სამ საათზე, ავტობუსის გაჩერებაზე, უცხო პირებმა საყურის ტარების გამო სცემეს. ბერიძის თქმით, პირს, რომელიც მას აქამდე არასოდეს უნახავს, მისი გახვრეტილი ყური არ მოეწონა და ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

„ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი. სამმა პირმა ჩამიარა, უცებ ერთ-ერთი მოტრიალდა და სიგარეტი მთხოვა. ვუთხარი არ ვეწევი-მეთქი, მერე მოვიდა და მითხრა – კარგი და ეს საყურე რატომ გიკეთიაო? მე ვუთხარი რომ ეს მისი საქმე არ იყო. სწორედ ამ დროს დამარტყა. მასთან ერთად მირტყამდა მისი თანხმლები ერთი პირიც, მესამე – პირიქით, მოუწოდებდა ამ ორს, რომ გაჩერებულიყვნენ” – განაცხადა ნიკამ.

ბერიძე ცემის ფაქტში ჰომოფობიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს და ამბობს რომ გამოძიება შესაბამისი მუხლით უნდა დაიწყოს.

„პოლიციამ დაბურულშუშიანი მანქანით მომატარა უბანი და ერთ-ერთ სკვერში დავინახე ის ადამიანები. დაიჭირეს და წაიყვანეს განყოფილებაში. პოლიციელები ძალიან გულისხმიერად მოეკიდნენ ამ საქმეს. მათი მხრიდან გულგრილობა არ მიგრძვნია და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი მუხლით გამოიძიებენ. ისინი ვინც ფიქრობენ რომ საქართველოში ყველაფერი გამოსწორდა ცდებიან, განსხვავებულობის გამო ადამიანს დღის 3 საათზე ავტობუსის გაჩერებასთან გამისწორდნენ ” – ამბობს ნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს” უთხრეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 2 სავარაუდო თავდამსხმელი დაადგინეს, რომელთაც დაკითხავენ.

წყარო : http://liberali.ge

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი