მთავარი პოლიტიკა საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა

0 660

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს 20 აპრილს ეწვევიან. გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს ელისეის სასახლეში შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად პარიზში, ინვალიდების ისტორიულ სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები შედგება ასევე, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშერთან, „იუნესკოს“ გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან, გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში IFRI საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება და შეკითხვებს უპასუხებს.

ვიზიტის მიზანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას დაათვალიერებს, სახელმწიფოს მეთაური და პირველი ლედი ლევილის ქართულ მამულსაც ეწვევიან და მამულიშვილთა საფლავებს ყვავილებით შეამკობენ, გიორგი მარგველაშვილი ლევილის მამულში საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებსაც შეხვდება და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განახლებულ ბიბლიოთეკასაც მოინახულებს.

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებასაც დაესწრება და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს დელეგაციასთან ერთად ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი