მთავარი საზოგადოება საქართველოს პარლამენტს ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები ეწვივნენ-

საქართველოს პარლამენტს ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები ეწვივნენ-

”ბერი ანდრიას სახელობის ფონდის” მზრუნველობის ქვეშ მყოფი, სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები დედა თინათინთან ერთად, დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრეს, რაც ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის დასმის მომენტიდან ბავშვთა მშობლების წინაშე დგება. დედა თინათინის თქმით, ფონდი ასეთ ბავშვებს 3 ეტაპზე უწევს დახმარებას. ესენია დიაგნოზის, მკურნალობის და პალიატიური მზრუნველობის ეტაპები. თუმცა მისივე მოსაზრებით, ბავშვებისთვის ასევე მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის ეტაპიც. ბავშვებმა ისაუბრეს ასევე დაავადების სტადიების მიხედვით შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოლიდური სიმსივნით საქართველოს მასშტაბით წელიწადში 50 შემთხვევა ფიქსირდება, ფონდი კი ამჟამად განთავსებულია მცირე ზომის შენობაში. დედა თინათინის ინფორმაციით, შენდება სახლი, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზის შემთხვევაში, ბავშვებსა და მათ მშობლებს საშუალება ექნებათ შეიკრიბონ და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ერთმანეთი მორალურად გააძლიერონ, გაერთონ, ითამაშონ, სტუდენტებს კი მეცადინეობის საშუალება მიეცეთ.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებაზე, რომელიც 20 აპრილსაა დაგეგმილი, ფონდის ერთ-ერთი შვილობილი ბავშვი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის როლს მოირგებს და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად კომიტეტის სხდომას გამართავს. როგორც დედა თინათინმა აღნიშნა, ფონდის თითოეულ ბავშვს სურვილისამებრ, ინტერესების შესაბამისად, მინისტრების პორტფელები აქვთ დანაწილებული და სფეროების მიხედვით მინისტრებს ხვდებიან. „ეს პროცესი საინტერესოს და სახალისოს ხდის ბავშვების ცხოვრებას, კარგი განწყობა იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის, რომ იყო შემთხვევა, როცა გართობისა და მხიარულად გატარებული დღეების შემდეგ, ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“, – აღნიშნა დედა თინათინმა.

დღესვე ბავშვებმა თბილისის პარლამენტის შენობა დაათვალიერეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი