მთავარი პოლიტიკა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

0 759

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი, რომლის ინიციატორებიც პარლამენტის წევრები, ზვიად კვაჭანტირაძე და ვახტანგ ხმალაძე არიან.

ცვლილების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება თანამდებობიდან გადადგომა, თუ იგი წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად. გარდა ამისა, გასწორდება არსებული ტექნიკური ხარვეზი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აღარ მოიხსენიება საქართველოს პარლამენტის წევრი.

საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

საკითხის თაობაზე მომხსენებლის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მატარებელი და აღმასრულებელ ხელისუფლებას მთლიანად მთავრობა ახორციელებს, რომლის ხელმძღვანელიც პრემიერ-მინისტრია. „სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს არ უნდა ეკრძალებოდეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამის ორი მიზეზი არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკებში, რასაც საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური მოდელი თითქმის მთლიანდ ემთხვევა, პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი არის მმართველი პარტიის ან მმართველი კოალიციის ლიდერი და მომდევნო არჩევნებში შესაბამისი პარტია თუ შესაბამისი კოალიცია ატარებს არჩევნებს ამ ლიდერის ხელმძღვანელობით. ამიტომაც, მოქმედ პრემიერ-მინისტრებს არ ეკრძალებათ საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობა. „ეს ლოგიკურიც არის, რადგან მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და პოლიტიკურ ლიდერს მნიშვნელობა აქვს, როგორც არჩევნების დროს, ასევე ბუნებრია, ქვეყნის მართვის დროსაც“, – აღნიშნა მომხსენებელმა. ვახტნაგ ხმალაძის განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლიდერია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის მისი სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება კი, რომელიც შესაძლოა 2 თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა უარყოფითად შეაფასა წარმოდგენილი კანონპროექტი და აღნიშნა, რომ „შემოთავზებულ ცვლილებას არავითარი კავშირი არ აქვს საარჩევნო კოდექსის რეფორმასთან“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, სამართლებრივი და პოლიტიკური ლოგიკა ნამდვილად არის იმაში, რომ პოლიტიკურ გუნდს, მათ შორის მმართველ გუნდს ჰქონდეს იმისი შესაძლებელობა, რომ თავის ლიდერთან ერთად შეძლოს არჩევნებზე გამოვიდეს. „გარდა ამისა, ეს არ არის ჩვენი გუნდის ინტერესი. ეს არის სახელმწიფოს ინტერესი, რომ მთავრობა წინასაარჩევნო რეჟიმის დროს იყო სტაბილური და ამან უზრუნველყოს ქვეყნაში ის განცდა, რომ საარჩევნო პროცესი ხელს არ უშლის ქვეყნის მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტას“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობისა და წახალისების საკითხთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონპროექტი და მისი თანმდევი პროექტები, რომელთა ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

ცვლილებების თანახმად:

შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი და პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან.
დღესდღეობით, აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. ე. წ. გადაფარვების არსებობის გამო უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრს ათი ათასობით სარეგისტრაციო საქმის შეჩერება მოუხდა, პრობლემის მოგვარება კი დღეს მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი, რაც მოქალაქეების დროისა და რესურსის ხარჯვას ნიშნავს. ამ პრობლემების მიზეზი საამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობაა − აზომვითი ნახაზების შედგენის უფლება ნებისმიერ პირს აქვს. ხშირად საკადასტრო ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდება, რაც ცდომილების მიზეზი ხდება, აფერხებს მიწის რეგისტრაციის პროცესს და ლახავს მესაკუთრეთა უფლებებს.

შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად ამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი. საამზომველო საქმიანობისათვის დადგინდება მომსახურების საფასური (ნიხრები). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეეძლება, ადგილზე გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე. სერტიფიცირებულ ამზომველთა ქსელი სამ თვეში შეიქმნება, ხოლო სერტიფიცირება შეეხება იმ ამზომველებს, ვინც პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ინიციატივის შედეგად უფრო მეტად იქნება დაცული როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებები.

სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში
დღესდღეობით მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს. დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა. ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია.

კანონპროექტის მიხედვით, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში; არასწორი დაწერილობა და სხვა − აღარ გახდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება.

გარდა ამისა, მოხდება ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზაცია, გამოყენებულ იქნება ფაქტების კონსტატაცია. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში.

სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება
მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად − სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში დაეხმარება. დავის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება არჩევანი − ისარგებლოს მედიაციით, თუ მიმართოს სასამართლოს და იქ დაიცვას საკუთრების უფლება.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.

საკითხის თაობაზე მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტების მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს მიწის სწრაფად და ეფექტურად რეგისტრაციას და აქედან გამომდინარე, მის სწრაფად და ეფექტურად ჩართვას ეკონომიკურ ბრუნვაში, რისთვისაც მთელი რიგი ნოვაციები შემუშავდა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიწის რეფორმა დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალე დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობდა, ეს პროცესი დღემდე არ დასრულებულა. ამის ნათელი მაგალითია, ის, რომ დაახლოებით 4 მილიონი მიწის ნაკვეთიდან, დღეისათვის, საუკეთესო შემთხვევაში რეგისტირებულია მხოლოდ 1/3. როცა მიწა არ არის რეგისტრირებული, ის არ არის ყიდვა-გაყიდვის ობიექტი, შესაბამისად, ის არ არის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართული. როდესაც ქვეყნის მიწის რესურსის 2/3 არ არის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართული ეს ნიშნავს, იმას, რომ წარმოების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, როგორიც არის მიწა, ამოვარდნილია ეკონომიკური განვითარების პერსპექტივიდანაც კი“, – აღნიშნა ალექსადრე ბარამიძემ.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს განხილულ კანონპროექტებზე კენჭისყრას მომდევნო სხდომაზე ჩაატარებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი