მთავარი პოლიტიკა ირაკლი ოქრუაშვილი:ფარული ვიდეოკადრების გავრცელებისა და მოპოვების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას

ირაკლი ოქრუაშვილი:ფარული ვიდეოკადრების გავრცელებისა და მოპოვების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას

0 546

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, ფარული ვიდეოკადრების გავრცელებისა და მოპოვების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, რადგან, მისივე თქმით, ფარული კადრების უკანონოდ ჩაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხორციელდებოდა.
როგორც ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრებით მანიპულირება 2014 წლიდან ხდებოდა და ხელიდან ხელში გადადიოდა.
მისივე შეფასებით, კადრების გავრცელების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნაა, რომელიც ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხელს.
„ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. ეს კადრები დაიარება უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მათ შორის, ჩემს სიახლოვესაც დაიარებოდა.
ამ კადრებით მანიპულირება დიდი ხანია, დაახლოებით 2014 წლის დასაწყისიდან მიდის. მიზანი არის ერთადერთი – ხელისუფლებისათვის დისკომფორტის შექმნა, რადგან ხელისუფლება არის რთულ მდგომარეობაში ჩაყენებული. მან უნდა გასცეს საზოგადოებას პასუხი – საიდან მოდის ეს ყველაფერი, ვინ გამოიყენა ეს ყველაფერი და, შესაბამისად, თუ ხელისუფლება ამას ვერ აღწევს, ტექნიკურად ეს ძალიან რთულია დღეს, შეუძლებელია ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება და ეს ადამიანები, ვინც ამას ტირაჟირებას უკეთებს, არ არიან გულუბრყვილოები და მშვენივრად ესმით ეს ტექნიკური პროცესები.
თუ ხელისუფლება ვერ გასცემს საზოგადოებას პასუხს, ხელისუფლება აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ, ბუნებრივია. ეს აწყობდა იმ ჯგუფს, იმ ორგანიზაციას, რომელიც ხელისუფლებას უქმნის დისკომფორტს.
ვინ არის ეს? ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“, ვის დროს იქმნებოდა ეს ყველაფერი? „ნაცინალური მოძრაობის“ დროს. ჩემთვის ამ ყველაფერზე პასუხი მარტივია. შეუძლებელია ამ ყველაფრის უკან იდგეს ერთი პატარა ჯგუფი, რომელიც მერკანტილური, ან რაღაც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით აკეთებდეს ამ ყველაფერს.
მე არ მჯერა, რომ ამ ყველაფრის უკან პატარა ჯგუფი იდგა. ამის უკან დგას საკმაოდ ორგანიზებული ძალა და ასეთი დღეს არის „ნაციონალური მოძრაობა“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი