მთავარი პოლიტიკა დავით ნარმანია: ,,ჩემი მერობის პერიოდში ქალაქის მაშტაბური პროექტი განხორციელდება”

დავით ნარმანია: ,,ჩემი მერობის პერიოდში ქალაქის მაშტაბური პროექტი განხორციელდება”

0 743

„მაქვს პატივი, სწორედ ჩემი მერობის პერიოდში დაიწყოს ქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიცაა – „ახალი ტფილისი!”, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
დავით ნარმანიას განმარტებით, პროექტი „ახალი ტფილისი“ მოიცავს თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია -რეკონსტრუქციას.
“მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, სწორედ ჩემი მერობის პერიოდში დაიწყოს ქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიცაა – „ახალი ტფილისი!”
პროექტი, მართლაც რომ, უნიკალურია თავისი შინაარსით, მოცულობითა და იმ სარგებლით, რასაც მისი განხორციელებით თბილისი, თბილისელები და დედაქალაქის თითოეული სტუმარი მიიღებს!
პროექტი „ახალი ტფილისი“ მოიცავს თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. დიახ, „ახალი ტფილისი“ ნიშნავს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ – რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მოედნების-გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას”, – განაცხადა თბილისის მერმა.
ნარმანიას თქმით, პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, მათ შორის ზოგიერთის განხორციელება კი უკვე დაწყებულია.
“პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. უკვე მიმდინარეობს ღვინის აღმართისა და გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. დღეს კი დაიწყო დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის და მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია.
რაც შეეხება იმ მასშტაბურ სამუშაოებს, რომელიც ამ წუთებში დაიწყო, დავით აღმაშენებლის გამზირის 45 მისამართზე. პროექტის ფარგლებში შენობა-ნაგებობების სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამასთან, მთლიანად განახლდება ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელები, მოპირკეთდება ქუჩები, დამონტაჟდება ახალი განათებები და მანიშნებლები. შეიცვლება გამზირის საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი. მოეწყობა გადასასვლელები, ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის!
რაც შეეხება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, პროექტის ფარგლებში: „კეთილმოეწყობა 9 მარტისა და დედა ენის სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია; აღნიშნულ ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი – გალერეა; მოეწყობა სავაჭრო დახლები, ტერასა და მოწესრიგდება სავაჭრო საფეხმავლო ზონა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 800-მდე ადამიანი დასაქმდება, ასევე, “ახალი ტიფლისით” მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.
“აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე დასაქმდება 800-მდე ადამიანი.
რაც მთავარია, მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, უძრავი ქონების ღირებულების ზრდის შედეგად, მათი სოციალური მდგომარეობაც გაუმჯობესდება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებაში.
წარმატებებს ვუსურვებ როგორც ქვეყნისა და დედაქალაქის მთავრობას, თბილისის განვითარების ფონდს, ასევე, თითოეულ თბილისელს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
პროექტი „ახალი ტფილისი“ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის მომავალია”,- აღნიშნა დავით ნარმაიამ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი