მთავარი საზოგადოება სამეცნიერო ჟურნალის – „ქართული პოლიტიკის“ ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

სამეცნიერო ჟურნალის – „ქართული პოლიტიკის“ ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სამეცნიერო ჟურნალის-„ქართული პოლიტიკის“ ნომრის პრეზენტაცია გამართა და გამოჩენილი ექიმები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ იმ აქტუალურ საკითხებში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სამეცნიერო საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, რომ მეცნიერულ დონეზე მოხდეს იმ აქტუალური საკითხების ანალიზი, შეფასება, იმ პერსპექტივების წარმოდგენა და განხორციელება, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკა სამეცნიერო საზოგადოების გარეშე იქნება წარუმატებელი და ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო ის, რომ ქართულ პოლიტიკას, გარკვეულწილად, ჩამოცილებული იყო საზოგადოება, რომელიც ჩვენს წინაშეა-ვსაუბრობ თქვენზე. მაქვს იმედი, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ სწორი ქართული პოლიტიკის მართვას.“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა და ჟურნალის მთავარი სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარემ, როინ მეტრეველმა ჟურნალ „ქართული პოლიტიკის“ შესახებ აღნიშნა, რომ ჟურნალის სპეციალური ნომერი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას ეძღვნება. მისი თქმით პრობლემა, რომელიც იკვეთება დემოგრაფიულ საკითხს უკავშირდება.

„საზოგადოებამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, ხელისუფლებასთან ერთად, ამ პრობლემის გადაჭრაში, შეუძლებელია ამ საკითხის მოგვარება. განსაკუთრებით ჩამორჩენილია საქართველოს მთა, სადაც მოსახლეობა დიდი პროცენტითაა შემცირებული“,- აღნიშნა როინ მეტრეველმა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ მოხსენება „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ამოცანები საქართველოში“ წარმოადგინა.

„გაცილებით გაიზარდა ტერიტორიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა. პირველ რიგში, თუ ადრე მოსახლეობის ნაწილს არ შეეძლო თავისი სურვილის მიხედვით მიემართა კლინიკისთვის, დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას-მიუხედავად ლარის კურსის ვარდნისა, ჩვენ შევძელით ფასების შენარჩუნება სისტემაში, სერვისები არ გაძვირებულა. შევძელით ისიც, რომ არ შემცირდა მომსახურების ხარისხი. უკვე დაახლოებით 1.5 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით“,-განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. მისივე ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოცულობა მომავალ წელსგაიზრდება, გარდა ამისა, მიმდინარე წელს იგეგმება სამედიცინო დაწესებულებების ტიპირების დოკუმენტის მიღება, რომლის მიხედვითაც დაწესებულებების კლასიფიკაცია მოხდება.

დიმიტრი ხუნდაძემ 2013-2014 წლებში, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ და განხორციელებულ ინიციატივებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრას და შემდგომში მათთვის სოციალური პაკეტის მომზადებას ითვალისწინებს, ასევე, კომიტეტი მუშაობს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის“ შესახებ კანონპროექტზეც. „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, მთავრობასთან ერთად, აგრძელებს მუშაობას. ვფიქრობ, რომ ასეთი სეგმენტური და სიმპტომური დამოკიდებულება კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი და აქ უნდა იყოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ჩვენი კომიტეტი მუშაობს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის“ კანონპროექტზე – დამოკიდებულებაა ასეთი, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, ვისაც არ აქვს ბიოლოგიურ ოჯახში გაზრდის შესაძლებლობა, იყოს ოჯახურ გარემოში და მისი ფსიქო-ემოციური სტრუქტურა არ იყოს საფრთხის ქვეშ. ჩვენ ველოდებით სტატისტიკურ მონაცემებს და შემდეგ დავიწყებთ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონეთათვის სოციალური პაკეტის მომზადებაზე მუშაობას. მნიშვნელოვანია ის გეგმები, რაც კომიტეტს აქვს დასახული-დაბერების პოლიტიკის დოკუმენტისა და დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტის შექმნა. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ გაეროს მონაცემებით, დღეს ჩვენი ქვეყანა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შობადობის ქვეყანა“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი