მთავარი რელიგია ალილო დღეს, 14:00 საათზე დაიწყება

ალილო დღეს, 14:00 საათზე დაიწყება

0 1153

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან ტრადიციული ალილო დღეს, 14:00 საათზე დაიწყება. როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თანამშრომელმა, ბარბარე რუხაძემ განუცხადა, მსვლელობა ტრადიციულად დეკორაციების გამოყენებით მოხდება.
მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს, ელენე ახვლედიანის აღმართით კი პრეზიდენტის სასახლესთან მივლენ. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
რუხაძის განცხადებით, ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან, სადაც მათ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ტკბილეულით დახვდებათ. მონაწილეთა ჯგუფი “კონკადან” საპატრიარქოში შევა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. შემდეგ მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს.
გზადაგზა მოსახლეობა ასევე ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
ბარბარე რუხაძის თქმით, ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები შემდეგ ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია ისევ აღდგა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი