მთავარი საერთო 2016 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ

2016 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ

0 954

ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იურიდიული პროცედურები ევროკავშირში დიდხანს არ გაიწელება და 2016 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საბანაძემ განუცხადა, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულებასთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკომისია მომავალი წლის დასაწყისშივე შევა ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების წინადადებით, რაც ძალიან კარგია.
“რაც შეეხება ჩემს შეფასებას ევროკომისიის ანგარიშზე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ანგარიშში დეტალურადაა ახსნილი, თუ რამდენი საქმე გაკეთდა და რა სამუშაოები შეასრულა ქართულმა მხარემ. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის შესრულება დამოკიდებული იყო ჩვენზე. ანუ ამ ანგარიშით ნაჩვენებია ის, რისი გაკეთებაც შეეძლო ქართულ მხარეს იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლისთვის მიგვეღწია. ახლა უკვე საქმე გადადის ევროპულ მხარეზე. ანგარიშის ბოლოს ევროკომისია აძლევს რეკომენდაციას წევრ სახელმწიფოებს იმისთვის, რომ შეიცვალოს რეგულაცია და საქართველო დაემატოს იმ ქვეყნების ნუსხას, რომლის მოქალაქეებსაც აქვთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში. ასევე მითითებულია შესაბამისი დრო – 2016 წლის დასაწყისი, როცა კომისია შევა წინადადებით საბჭოში. ამ წინადადებას განიხილავენ წევრი სახელმწიფოები და საბოლოოდ მიიღება იურიდიული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეს რეგულაცია, რომელიც მე ვახსენე, შეიცვლება საქართველო დაემატება იმ ქვეყნების ნუსხას და მას მერე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, მოკლევადიანად იმოგზაურონ შენგენის ქვეყნებში ვიზის გარეშე. ეს გულისხმობს 90 დღეს 180-დღიან პერიოდში. ამიტომ ჩემი მოლოდნია, რომ 2016 წლის განმავლობაში ეს უკვე რეალობად იქცევა”, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.
ევროკავშირის საბჭოს შემდეგ, ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს ევროპარლამენტმა. ნატალია საბანაძის ინფორმაციით, დეპუტატების უმრავლესობა ამ წინადადებას მხარს უჭერს და ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი