მთავარი კულტურა „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“ და „წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი“

„წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“ და „წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი“

0 836

4 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში – „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“ და „წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი“ გამარჯვებულებს შეხვდა, წარმატება პირადად მიულოცა და სიგელები გადასცა.

პრემია „2015 წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“ გადაეცა კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძეს ნაწარმოებისთვის – „თემები, ვარიაციები და ბოლოთქმა ქალთა გუნდისათვის a cappella“. პრემია “2015 წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი“ კი მიიღო ნინო კალანდაძე-მახარაძემ მონოგრაფიული ნარკვევისთვის „პოლიკარპე ხუბულავა“.

კონკურსები „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებისა“ და „წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომის“ გამოსავლენად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლის 5 ნოემბერს გამოცხადდა. კონკურსის პირველი ტური საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში, მეორე ტური კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა.

კონკურსი „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“ და „წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2010 წელს დაფუძნდა.

კონკურსის მიზანია თანამედროვე ქართული საკომპოზიტორო და სამუსიკისმცოდნეო შემოქმედების განვითარების სტიმულირება, ახალი მუსიკალური და სამუსიკისმცოდნეო ნიმუშების გამოვლენა და პოპულარიზაცია, ასევე, ქართული პროფესიული მუსიკისადმი ინტერესის გაღვივება.

გასული წლების ლაურეატები არიან: გულბათ ტორაძე, შავლეგ შილაკაძე, ელიზბარ ლომდარიძე, მარინე ქავთარაძე, ჟურნალის „მუსიკა“ შემოქმედებითი ჯგუფი.

ყოველწლიურ კონკურსს წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებისა და საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომის გამოსავლენად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირთან ერთად ატარებს; ყოველწლიურად, კონკურსის ჟიურის წევრები მუსიკალური ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები, კომპოზიტორები, შემსრულებლები და მუსიკისმცოდნეები არიან.

წელს, შემაჯამებელი, მეორე ტურის ჟიურის წევრები იყვნენ:

მანანა ახმეტელი – საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მუსიკისმცოდნე;
ნუნუ გაბუნია – კომპოზიტორი;
ოთარ კაპანაძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი, ეთნომუსიკოლოგი;
ომარ მინდორაშვილი – კომპოზიტორი;
მარიკა ნადარეიშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი;
რეზო ტაკიძე – საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი;
რუსუდან ხორავა – კომპოზიტორი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი