მთავარი სამართალი საერთაშორისო თაღლითური სქემა და გაყალბებული ბარათები- გახსნილია მასშტაბური ინტერნაციონალური დანაშაული

საერთაშორისო თაღლითური სქემა და გაყალბებული ბარათები- გახსნილია მასშტაბური ინტერნაციონალური დანაშაული

0 1910

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გაშიფრულია საერთაშორისო თაღლითური სქემა და გახსნილია მასშტაბური ინტერნაციონალური დანაშაული. თაღლითობისა და ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ათი წევრი.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული პირები უკანონოდ ეუფლებოდნენ ამერიკის, კანადის, ბრაზილიის, მექსიკის, ჰავაის კუნძულების და სამხრეთ კორეის მოქალაქეთა კუთვნილი, მაგნიტურზოლიანი საკრედიტო ბარათის მონაცემებს. შემდგომში, საქართველოში ამზადებდნენ ყალბ საკრედიტო ბარათებს და სპეციალური ტექნიკური მოწყობილების საშუალებით, მოპოვებული პერსონალური მონაცემები უკანონოდ შეჰყავდათ ყალბი პლასტიკური ბარათების მაგნიტურ ველში.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მომდევნო კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენდა აღნიშნული ყალბი ბარათების მეშვეობით თანხის განაღდება. ბრალდებულები უკავშირდებოდნენ კონკრეტულ მეწარმე სუბიექტებს და განაღდებული თანხის 50% ის შეთავაზების სანაცვლოდ, სხვადასხვა კომერციული ბანკის პოს ტერმინალების გამოყენებით ხდებოდა სოლიდური თანხის განაღდება, რაც ინიღბებოდა თითქოსდა გარკვეული სავაჭრო შეთანხმებით. საერთო ჯამში, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თაღლითურად დაუფლებული თანხა აღემატება 1 500 000 ლარს, ხოლო კონკრეტულ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვნად დაზარალდა კომერციული საბანკო სისტემა.

დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია ყალბი ბარათები, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საკრედიტო ბარათების პერსონალური მონაცემები, კომპიუტერული ტექნიკა და ბარათების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 2-ე და 3-ე ნაწილით, ასევე 210-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 9 წლამდე პატიმრობას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი