მთავარი კულტურა მიშელ უელბეკის რომან “მორჩილება”-ს პრეზენტაცია

მიშელ უელბეკის რომან “მორჩილება”-ს პრეზენტაცია

0 848

3 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ მიშელ უელბეკის ახალი წიგნის – „მორჩილება“ (მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი) – პრეზენტაციაზე. შეხვედრის ფარგლებში, მოწვეული სტუმარი, აღმოსავლეთმცოდნე ბექა ყორშია, ისაუბრებს ახალ რომანზე და თემებზე, რომლებიც ფრანგი მწერლის უკანასკნელ წიგნშია განხილული, კერძოდ: ისლამზე, ფუნდამენტალიზმზე, ისლამოფობიასა და ევროპაში ამჟამად არსებულ ვითარებაზე.

მიშელ უელბეკის რომანი – „მორჩილება“, რომელიც პარიზში მოდელირებულ „არაბულ გაზაფხულს“ ასახავს, მაღაზიების თაროებზე 2015 წლის 7 იანვარს გამოჩნდა. იმავე დილით სატირულ ჟურნალში „შარლი ებდო“ რამდენიმე სტრიქონი უელბეკს მიეძღვნა და მისი კარიკატურაც დაიბეჭდა. თუმცა, ეს ყველაფერი „შარლი ებდოზე“ მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ გადაფარა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა. რომანმა-ანტიუტოპიამ ცხარე კამათი და აზრთა სხვადასხვაობა მოგვიანებით მაინც გამოიწვია: ჯერ კიდევ „ელემენტარული ნაწილაკების“ პერსონაჟმა დასვა შეკითხვა: „რამდენ ხანს იარსებებს დასავლური საზოგადოება რელიგიის გარეშე?“ „ვეღარ იარსებებს!“ – ასეთია უელბეკის პასუხი 2015 წელს. დასავლეთევროპელმა ადამიანმა, რომელიც რამდენიმე ათწლეული ღმერთისა და მბრძანებლის გარეშე ცხოვრობდა, თავისუფლება ვერ მოიპოვა. ამის სანაცვლოდ, უფლება აქვს, მიიღოს მორჩილება უკიდურესი ფორმით – როგორც განკურნების საშუალება და როგორც სასჯელიც. გაუმართლებელია უელბეკის ლანძღვა იმ პრინციპების ღალატისთვის, რომლებსაც არასაკმარისად იცავდნენ თავად მემარცხენეები. მისთვის პასუხის გაცემა მხოლოდ მოჩვენებით ჰუმანისტობაზე უარის თქმით შეიძლება. მანამდე კი, უელბეკის დროა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი