მთავარი საზოგადოება მართვის მოწმობის ქულათა სისტემა იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ დამრღვევების გამოვლენა “შავ-ჯიპოსნებიდან” დაიწყება

მართვის მოწმობის ქულათა სისტემა იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ დამრღვევების გამოვლენა “შავ-ჯიპოსნებიდან” დაიწყება

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას მართვის მოწმობის ქულათა სისტემის შესახებ მუშაობა მოუწევს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა ოგბაიძემ განაცხადა, შსს-ს მიერ პარლამენტში შეტანილი ცლილებები საკანონმდებლო პაკეტია, რაც შესაძლოა შეიცვალოს და დაიხვეწოს. ოგბაიძის თქმით, ქულათა სისტემა იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ დამრღვევების გამოვლენა პირობითად “შავ-ჯიპოსნებიდან” დაიწყება.
“ქულათა სისტემა იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ დამრღვევების გამოვლენა, პირველ რიგში, “შავ-ჯიპოსნებიდან” დაიწყება. თუ, პირველ რიგში, თანამდებობის პირების მძღოლებს დააჯარიმებენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არღვევენ მოძრაობის წესებს.
რაც შეეხება ქულათა სისტემის ადეკვატურობას, არასამთავრობოების კონსულტაციები და ამ ქულათა სისტემის რელევანტურობის და ადმინისტრაციული გადაცდომის შესაბამისი ქულების განსაზღვრა გაგრძელდება. მე ამას მსუბუქად ვუყურებ, რადგანაც ეს შეიძლება შეიცვალოს, თუმცა პრინციპი სწორია”, -განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფოს არ გააჩნია საგზაო უსაფრთხოების ერთიანი სისტემა და ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტრო “დაწინაურებულია”. მისივე თქმით, ის რომ ქალაქში ავტომობილების სიჭარბეა, განპირობებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებული პრობლემებით.
შალვა ოგბაიძე ჰიბრიდული ავტომობილების განბაჟების გადასახადის განახევრების ინიციატივითაც გამოდის.
“ჩვენ უახლოეს მომავალში დავაყენებთ საკითხს ჰიბრიდული ავტომობილების განბაჟებაზე თანხის გადასახადის განახევრების. ეს უნდა იყოს ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილების დაბეგვრის თანხის ნახევარი”, -განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი