მთავარი პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი:პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე და ისტორიული დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი:პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე და ისტორიული დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის

0 2128

პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე და ისტორიული დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ დღეს, ევროინტეგრაციის გზაზე, გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში.
„წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ამის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი საქართველოს შენების ურყევ საფუძველს კიდევ უფრო განამტკიცებს. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელია ეტაპები, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რამდენიმე თვეს მოიცავს. თუმცა, დღეს ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა საქართველოს განუხრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი, წინსვლა ევროპული თანამეგობრობისკენ სწრაფვის გზაზე და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების გზაზე, ევროპელი კოლეგების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
„საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ლიდერია. პასუხად ევროპა ამბობს, რომ ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეს ჩვენ თანამედროვეთა და მრავალი თაობის ოცნება ახდა. მიუხედავად მრავალი შიდა თუ გარე წინააღმდეგობისა, ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით – შედეგი მიღწეულია. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები ისახება. ევროპელებთან ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ყველა დონეზე ურთიერთობათა გაღრმავება, ქალაქების დაძმობილება, სტუდენტური და სამოქალაქო გაცვლითი პროგრამები, ევროპის ასოციაციებში გაწევრიანება, თავისუფალი ვაჭრობა – სულ მალე ეს ყველაფერი სრულიად ახალ, უფრო ღრმა და შინაარსიან განზომილებას შეიძენს. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში ნახევარი წლის განმავლობაში 90 დღის მანძილზე უვიზოდ შესვლას. შეგეძლებათ ევროპაში იმოგზაუროთ ოჯახთან ერთად, დაგეგმოთ საქმიანი ვიზიტი, ეწვიოთ მეგობრებს, ნათესავებს, ჩაერთოთ საზაფხულო სკოლებში, მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებსა თუ გამოფენებში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპასა და საქართველოს შორის შთამბეჭდავი თანამშრომლობის ამ მაგალითის უკან დგას მრავალი ადამიანის ძალისხმევა, ქვეყნის ყველა საჯარო სტრუქტურის პროფესიონალიზმი, ასევე, უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ევროპელი პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან წლების განმავლობაში იღებს.
მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ყველას, ვინც თავი არ დაზოგა, რომ ეს მიზანი რეალობად ქცეულიყო.
„უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ვისაც ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი არასოდეს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ევროპა – მისი ფასეულობები და ცხოვრების წესი – არა უბრალოდ რაციონალური არჩევანია, არამედ ჩვენი ისტორიული სახლი.
ამ სიტყვაში – ევროპა, განსახიერებულია ყველაფერი, რისკენაც მივისწრაფვით: თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა და თანასწორობა, მშვიდობა და ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისათვის, განვითარების პირობები ყველასთვის. რაც მთავარია – ესაა ჩვენი უნიკალურობის, თვითმყოფადობის სრულად რეალიზების სივრცე. და ესაა გზა საქართველოს ერთიანობისკენ! მხოლოდ თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გავხდით ჩვენ ქვეყანას მიმზიდველს აფხაზი და ოსი ძმებისთვის. დადგება დღე, როცა ისინიც სრულად ისარგებლებენ სიკეთეებით, რაც ევროპულ ინტეგრაციას მოაქვს. ეს წარმატება არის ახალი გზის დასაწყისი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ამ გამარჯვებას!“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი