მთავარი კულტურა “ცოცხალი წიგნები ჯარში”.

“ცოცხალი წიგნები ჯარში”.

0 1080

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც სამხედრო ნაწილებში კულტურის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდება გრძელვადიანი პროექტი „ცოცხალი წიგნები ჯარში“. პროექტის ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლები შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრებიან და ჯარისკაცებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ.
პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს, მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაიმართა. სამხედროებს ესტუმრნენ: კატო ჯავახიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ზვიად რატიანი, დათო ყანჩაშვილი, გიორგი არაბული, სოსო მეშველიანი, შოთა იათაშვილი, თამარ ფხაკაძე, ნინია სადღობელაშვილი, ბექა ქურხული, გაგა ნახუცრიშვილი, მარიამ წიკლაური და პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე.
„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სამხედრო ნაწილებში თანამედროვე მწერლების სტუმრობასა და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 120-ზე მეტი შეხვედრა, გაიმართა პოეზიის საღამოები და დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლებმა აწარმოეს დღიურები და ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.

12189590_892912390757036_7189307517309546570_n

12042674_892912447423697_897932603733211265_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი