მთავარი რეგიონი „შინმოვლის პროგრამის“ სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის ფორმირება სრულდება

„შინმოვლის პროგრამის“ სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის ფორმირება სრულდება

0 734

რამდენად სწორად ხორციელდება „შინმოვლის პროგრამა“ და როგორ უნდა გახდეს სერვისი უფრო გამჭვირვალე – ამ საკითხზე ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ.
აჭარის რეგიონში მომუშავე მედიის წარმომადგენლები სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმებსა და ადვოკატირების განხორციელების მეთოდებს გაეცნენ. საინფორმაციო აუდიენცია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მსგავსი შეხვედრები ბათუმის გარდა თბილისშიც ჩატარდა, ასევე იგეგმება გორშიც. გადამზადებული პირები სამომავლოდ აქტიურად ჩაერთვებიან შინმოვლის პროგრამის გამჭვირვალედ განხორციელების პროცესში და მიღებული ცოდნის საფუძველზე შეეძლებათ დააფიქსირონ შესაძლო ხარვეზები.
ისინი ასევე შეძლებენ საზოგადოების ინფორმირებას – რამდენად სწორად ვითარდება ეს პროგრამა და რა უნდა გამოსწორდეს, რათა „შინმოვლის პროგრამა“ მაქსიმალურად იყოს მორგებული მზრუნველობამოკლებული მოხუცებისა და შშმ პირების საჭიროებებზე.
„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ, რათა სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფს საბოლოო ფორმა მივცეთ. თავდაპირველად დავიწყეთ ტრენინგები და შეხვედრები გორში, ბათუმსა და თბილისში 4 სამიზნე ჯგუფთან – ჟურნალისტები, არასამთავრობოები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და უშუალოდ ბენეფიციარები და „შინმოვლის პროგრამით“ მოსარგებლეების ოჯახის წევრები. ჯერ გვქონდა ზოგადი ტრენინგები, რათა დეტალურად აგვეხსნა მათთვის ამ პროგრამის არსი და ყველა დეტალი. ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის ფორმირების წინ. უკვე დავასრულეთ ეს ეტაპი ყველა აღნიშნულ ქალაქში და ყველაზე დაინტერესებული და აქტიური მონაწილეები შევარჩიეთ. სწორედ ამ ჯგუფებს ახლა უკვე უფრო პროფესიონალურად და საფუძვლიანად ვუტარებთ სწავლებას. „სი-თი-სი“-დან მოწვეული ტრენერი მათ აცნობს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მექანიზმებს. ძალიან საინტერესოდ და ინტერაქტიულად მიმდინარეობს შეხვედრები და დიდ ინტერესსს იწვევს. ეს არის პროექტის ბოლოსწინა ეტაპი, უკვე დასასრულისკენ მივდივართ და კულმინაცია იქნება გადამზადებული ჯგუფების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სამოქალაქო მონიტორინგის პირველ შედეგებს დეკემბრის ბოლომდე ველოდებით. ასევე აღვნიშნავ, რომ შინმოვლის პროგრამისა და ზოგადად ჩვენი აქტივობების მიმართ ძალიან დიდია ინტერესი მედიის მხრიდან. ყველა შეხვედრა და „შინმოვლასთან“ დაკავშირებული საკითხები ინტენსიურად შუქდება როგორც რეგიონულ, ასევე ცენტრალურ მედიაში – იქნება ეს ტელევიზიები, რადიოები, ბეჭდური გამოცემები თუ საინფორმაციო სააგენტოები“,- განაცხადა პროგრამის მედია-კონსულტანტმა გიორგი ხუხიამ.
ამჟამად „შინმოვლის პროგრამა“ საქართველოს სამ ქალაქში – ბათუმში, გორსა და თბილისში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი