მთავარი მედია საკონსტიტუციო სასამართლო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლო თითოეულ საქმეს იხილავს იმ ვადაში, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 2 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ და „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N675) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი მანანა კობახიძის მიერ მედიით გავრცელებული ზოგიერთი ფაქტობრივად მცდარი ინფორმაციის გამო, საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებით განმარტების გაკეთებას.

საკონსტიტუციო სასამართლო თითოეულ საქმეს იხილავს იმ ვადაში, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად. საქმის განხილვის ვადები განსხვავებულია სასამართლოს წინაშე წამოჭრილი საკითხის სირთულის, მნიშვნელობისა და აქტუალობის გათვალისწინებით.

მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლომ არათუ საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, არამედ საქმე არსებითად განიხილა და გადაწყვიტა 15 დღის ვადაში საქმეზე „ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება), სადაც მოსარჩელე მხარეს ქალბატონი მანანა კობახიძე წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდა რა, რომ დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოსა და თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები, მჭიდრო ვადაში გადაწყვიტა საქმე, რათა მინიმუმამდე დაეყვანა ადამიანების მიმართ კონსტიტუციური უფლებების დარღვევით პატიმრობის გამოყენება.

ასევე, საქმეზე „ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ“ (2015 წლის 24 ოქტომბრის N3/2/670 განჩინება), სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის შემოსვლიდან 3 დღეში ჩაატარა განმწესრიგებელი სხდომა, რამდენადაც საქმე შეეხებოდა 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩასატარებელი შუალედური არჩევნების კონსტიტუციურობას.

საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში იხილავს საქმეს მაშინ, როდესაც დაყოვნების შემთხვევაში საქმის განხილვა/გადაწყვეტას შედეგი აღარ ექნება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა ასეთ კატეგორიას განეკუთვნება „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ და „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელი და შესაბამისი გადაწყვეტილება მოკლე ვადაში მიიღო.

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი (განმწესრიგებელი სხდომა), როგორც წესი, ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტი).

ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, განმწესრიგებელი სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენით, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა არგუმენტების მოსმენა აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად, ან მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები საჭიროებს დაზუსტებას.

ვინაიდან N675 კონსტიტუციურ სარჩელში ნათლად და არაორაზროვანდ იყო მითითებული ყველა ის საკითხი, რისი გამორკვევაც აუცილებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებისთვის და, ამასთან, სასამართლოს ჰქონდა პასუხი სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად მისთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლო მომავალშიც კანონის მოთხოვნათა ზედმიწევნით დაცვით განიხილავს საქმეებს, ამასთან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, და ყოველთვის შეეცდება საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს ისე, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის თავიდან აცილებას, რადგან სწორედ ეს არის სასამართლოს კონსტიტუციური მანდატიც და ვალდებულებაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი