მთავარი მედიცინა დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველასთვის და უკვე გვყავს ადამიანები, რომლებმაც...

დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველასთვის და უკვე გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს ეს ვირუსი

0 894

ჯანდაცვის სფეროს რეფორმის ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები 21-ე საუკუნეში-აღნიშნულ საკითხებზე სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და პოლიტიკოსები გლობალურ კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ბერნარ კუშნერთან ერთად დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ბერნარ კუშნერს საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი ჩართულობა ჯანდაცვის რეფორმას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.
“მინდა განსაკუთრებით მივესალმო განსაკუთრებულ სტუმარს ბერნარდ კუშნერს. ადამიანს, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის დროს ძალიან რთულ ვითარებაში როგორ იდგა მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ომის წინა ხაზზე და ინაწილებდა იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც მაშინ მომდინარეობდა როცა ბომბები ცვიოდა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ეს ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება. ეს არის მისი გამბედაობის და მისი განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატვა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად…ჩვენთვის მეტად სასიამოვნოა, რომ ამ რანგის მოღვაწე ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას, და ეს იქნება უდიდესი დახმარება ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენი ჩართულობა კიდევ უფრო წარმატებულს გახდის ამ რეფორმას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისასალმებელ სიტყვაში პრემიერმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობაა, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით.
” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ჩაუყარა საფუძველი პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას. მოგეხსენებათ, რომ განვითარებული ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის მთავარი და ყველაზე პროგრესული მიმართულება სწორედ პირველადი ჯანდაცვა გახლავთ, რადგან დროული მკურნალობა ქმნის დაავადებების მძიმე ფორმების განვითარების თავიდან აცილების შესაძლებლობას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა გლობალურ ალიანსთან ერთად. აუცილებლად მინდა შევეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ამ უმძიმეს დაავადებას და მიზნად დაისახა მისი ბოლომდე აღმოფხვრა. მე ვარ ბედნიერი, რომ დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველასთვის და უკვე გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს ეს ვირუსი. წარმატებული პირველი ეტაპის შედეგად ჩვენ საშუალება გვაქვს, წელსვე დავიწყოთ პროგრამის მეორე ეტაპი და ჩვენ დავამარცხებთ ამ დიდ პრობლემას,”-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომავალი წლიდან მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კიდევ უფრო მასშტაბური პროცესი დაიწყება და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა თავის მოხსენებაში საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა რეფორმები შეაფასა. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

„ბოლო წლები ჯანდაცვის სამინისტრომ კარგ შედეგებს მიაღწია, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ვფიქრობ, ასევე აუცილებელია დასახული მიზნების გაზიარება და მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. უმნიშვნელოვანესი იყო C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება. საქართველო ეს არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი პროგრამის განხორციელება დაიწყო,“–განაცხადა ბერნარ კუშნერმა.

მანვე სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ვერ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გლობალური კონფერენცია „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში-საქართველო და მსოფლიო“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ალიანსის ორგანიზებით იმართება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი