მთავარი საერთო „ბელი ლებედში“ გამომწყვდეული ქართველი ჩემპიონის უიღბლო ისტორია

„ბელი ლებედში“ გამომწყვდეული ქართველი ჩემპიონის უიღბლო ისტორია

რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ, ეგრეთ წოდებულ „ბელი ლებედის“ ციხეში ქართველი პატიმარი, 37 წლის პაატა გვასალია ძალიან მკაცრ სასჯელს, სამუდამო პატიმრობას იხდის. პაატა არის ცნობილი ქართველი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. საქმე რაზეც პაატა დაიჭირეს ძალიან გახმაურებულ და სკანდალურად ითვლება – 2003 წლის 11 აპრილს, პეტროპავლოვსკში კამჩატკაზე დაიწვა კაზინო „პალადა“, ხანძრის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი.დაკავებული ქართველი მოკრივის ახლობლები დღემდე ამტკიცებენ, რომ პაატა უდანაშაულოა და ის მძიმე სასჯელისთვის სხვადასხვა ბიზნესჯგუფების ინტერესებს შეეწირა. იგივეს აცხადებდნენ სასამართლო პროცესზე კაზინოში დამწვარი ადამიანების ჭირისუფლები. ამის მიუხედავად, უკვე წლებია, რაც ცნობილი მოკრივე მძიმე სასჯელს ყველაზე სასტიკ დამნაშავეებთან ერთად იხდის.

პაატას სპორტული კარიერა ფოთში დაიწყო და პირველ წარმატებებს იქ მიაღწია.  მისი პირველი ნაბიჯები საქართველოსთან არის დაკავშირებული. პაატა რამდენჯერმე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის. 1990 წელს პაატამ პირველი ადგილი მოიპოვა ჩეხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ის იყო ტექნიკური მოკრივე, ფაქტობრივად არ იღებდა დარტყმებს. ყველა დარტყმას იცილებდა თავიდან. მისი ბრძოლა დადგმულ დრამას ჰგავდა, რომლის ყურებაც გულშემატკივრისთვის ძალიან სასიამოვნო იყო. პაატა ძალიან ბევრ, პრესტიჟულ ჩემპიონატზე აღიარეს საუკეთესო ტექნიკურ მოკრივედ. თუმცა როგორც სპორტსმენი, პაატა უიღბლო აღმოჩნდა, ზოგიერთი მოკრივე გამარჯვებას იოლად აღწევს და ფინალისკენაც გზას ადვილად იკაფავს. პაატას ყველა შეჯიბრებაზე საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგის დამარცხება უწევდა ხოლმე და იმ წონით კატეგორიაში, რომელშიც გამოდიოდა, ყოველთვის ძლიერი კონკურენტები ჰყავდა. ამას გარდა, მას ხშირად ტრავმებით უწევდა რინგზე გამოსვლა.  ის საშინლად ტრავმირებული გამოვიდა თურქეთსა და ფინეთში.  მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი ბრძოლა ჩაატარა მოტეხილი ხელით და მეხუთე ბრძოლა მინიმალური სხვაობით წააგო. ამის შემდეგ მან გაიკეთა ხელის მტევნის ოპერაცია, ძვლის მაგივრად პლასტმასი ჩაუსვეს. ამან დიდი გავლენა მოახდინა პაატას სპორტულ კარიერაზე, მან საკმაოდ ადრეულ ასაკში დაასრულა აქტიური სპორტული ცხოვრება.
პაატა 90-იან წლებში წავიდა რუსეთში. პაატას რუსეთის ნაკრებში მოსახვედრად ყველა საფეხურის თავიდან გავლა მოუწია, თუმცა უკვე ევროპის ჩემპიონი იყო. რამდენიმე თვეში ის გახდა მოსკოვის ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონი და მსოფლიოს კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი – ეს ტიტული კრივში ძალიან პრესტიჟულად ითვლება. მას მიანიჭეს რუსეთის დამსახურებული სპორტის ოსტატის წოდება. ამის შემდეგ პაატა რუსეთში ძალიან პოპულარული სპორტსმენი გახდა – იყო რუსეთის ნაკრების პირველი ნომერი და კაპიტანი. მოგვიანებით  პაატა სპორტს ჩამოშორდა, ბიზნესში ჩაერთო. ის ჯერ მოსკოვში საქმიანობდა, შემდეგ სამხრეთ რუსეთში – კრასნოდარის ოლქში ხორბლის და მზესუმზირის ბიზნესში იყო ჩართული. მას მეგობრული კავშირები ჰქონდა კამჩატკელებთან, რომლებიც აქტიურ სპორტში ყოფნისას გაიცნო. პეტროპავლოვსკში ჩატარდა ტურნირი, სადაც პაატაც იყო მიწვეული. მან მოიგო ის ტურნირი და დაუმეგობრდა ორგანიზატორებს. კამჩატკელები კრასნოდარში დაუკავშირდნენ პაატას და იმ ხალხთან დაკავშირება სთხოვეს, ვინც გემთმშენებელი ქარხნიდან მათ გემების შესყიდვაში დაეხმარებოდა. აქედან დაიწყო პაატასა და კამჩატკელების საქმიანი კავშირი და პაატა შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკაზე გადავიდა. თუმცა, იქ საცხოვრებლად დარჩენას არ აპირებდა. ბიზნესმენთა იმ ჯგუფში, რომელთანაც პაატა იყო დაკავშირებული, იყვნენ რუსები, კორეელები, უკრაინელები. მათ პეტროპავლოვსკში კამჩატკაზე ჰქონდათ სასტუმროების, რესტორნების ქსელი და კაზინო. მათ ვერ გადაუხადეს პაატას ის თანხა, რაზედაც გარიგებულები იყვნენ და დროებით ის კაზინოში დაასაქმეს. მას კაზინოში წესრიგის დამყარება ევალებოდა. პაატამ პეტროპავლოვსკში კამჩატკაზე საცხოვრებლად გადაიყვანა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილიც. კაზინო „პალადა“, რომლის დაწვასაც პაატას აბრალებენ, კონკურენტ კაზინოდ არ ითვლებოდა. „პალადა“ უფრო პატარა იყო, ვიდრე ის კაზინო, სადაც პაატა მუშაობდა.
გვიან ღამით, როდესაც კაზინოში ,,პალადაში” ბევრი ხალხი არ იყო, კაზინოს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სავენტილაციო სისტემაში დიზელის საწვავის ჩასხმის შედეგად. ცეცხლიდან თავის დაღწევა ბევრმა ვერ შეძლო,  ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის დაიწვა ახალგაზრდა მოლარე, რომელიც გარედან დაკეტილ სალაროში იმყოფებოდა. სავარაუდოდ კაზინოს კარი უცბად არ გახსნეს, რომ ხალხს ფული არ გაეტანა. პაატა კაზინოს დაწვიდან ორი თვის შემდეგ დააკავეს. ის საქართველოში იყო ჩამოსული დედის წლისთავზე, როგორც კი პეტროპავლოვსკში კამჩატკაზე ჩავიდა, მაშინვე დაიჭირეს. საქმის მასალებით, ცნობილი სპორტსმენი გახდა სათამაშო ბიზნესში ჩართული ადამიანების შეკვეთის შემსრულებელი, კონკურენტი კაზინოს თავიდან მოსაცილებლად. თუმცა, ამ საქმეზე პაატას გარდა, მხოლოდ ერთი ადამიანი, მანქანების ხელოსანი პეტროსოვია დაკავებული. მასთან პაატამ მხოლოდ ერთხელ გააკეთა მანქანა. სწორედ პეტროსოვის ავტომანქანა დაფიქსირდა კაზინო „პალადთან“ იმ ღამეს, როცა კაზინო დაწვეს. თავიდან პეტროსოვმა განაცხადა, რომ მანქანა მოპარეს, თუმცა როგორც მერე გაირკვა, მან იმ ღამეს თავისი მანქანა ადგილობრივ მცხოვრებლებს ათხოვა. პეტროსოვს სასამართლომ 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
კაზინოს დაწვიდან ცოტა ხნის შემდეგ, ადგილობრივი სამართალდამცველები პრესის წარმომადგენლებთან აცხადებდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იყო სისხლის კვალი, რომლის დნმ-ის ანალიზითაც დამნაშავის დადგენა შეიძლებოდა. მოგვიანებით, სისხლის სამართლის საქმიდან გაქრა ინფორმაცია სისხლის კვალთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, გამოჩნდა ორი მოწმე – კაზინოს დაცვის ორი თანამშრომელი. მათ განაცხადეს, რომ ადამიანი, რომელმაც მათი აზრით, კაზინოს ცეცხლი გაუჩინა, გარეგნულად ჰგავდა ცნობილ სპორტსმენს, პაატა გვასალიას. ამოცნობაზე მოწმეებს წარუდგინეს სამი ადამიანი – ორი კორეელი და თავად პაატა. იმ ღამეს, როცა კაზინო დაიწვა, პეტროსოვი თავის ოჯახში იყო, პაატა კი მეგობარ ქალთან- ამას როგორც პეტროსოვის ოჯახის წევრები, ასევე პაატას მეგობარიც ამტკიცებს.ყოფილმა ჩემპიონმა, მაშინ გაიგო კაზინოს დაწვის ამბავი, როცა ეს – მთელმა ქალაქმა იცოდა. დაცვის წევრებმა განაცხადეს, რომ ღამის ხუთ საათზე გამოეკიდნენ საეჭვო მანქანას და დაინახეს პეტროსოვისა და პაატას სახე. თუმცა ეს განცხადება ბევრი გარემოების გამო ბადებს ეჭვს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იმ მანქანას შუშები დაბურული ჰქონდა, და თან შუაღამისას, დიდ დისტანციაზე – 50 მეტრში ადამიანის სახის გარჩევა ფაქტობრივად შეუძლებელია. პაატა გვასალიას მამამ იური გვასალიამ ,,შენი მედია გუნდთან” საუბრისას განაცხადა , რომ  სასამართლო პროცესზე ორი მოწმიდან ერთ-ერთმა დაადასტურა, რომ ამოცნობაზე სანამ შევიდოდა, პაატას სურათი აჩვენეს და უთხრეს, ამ კაცს დაადე ხელიო, თუმცა ამ ფაქტს  როგორც ჩანს ყურადღება არ მიაქციეს. სასამართლო პროცესი სამი წელი გრძელდებოდა, განაჩენი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა. პროცესი მოსკოვში ჩატარდა, პაატა კამჩატკიდან ტელეხიდით ადევნებდა თვალს პროცესს. როცა იგივე სასჯელი დაუტოვეს, მარტო იმას გაიძახოდა: რისთვის, რისთვის მსჯითო?
დღეისათვის პაატა ისეთ ციხეში იმყოფება, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე სასტიკად ითვლებოდა, მკაცრი კანონები იქ დღემდეა შემორჩენილი. „ბელი ლებედი“ სპეციალურად ქურდების გასატეხად შეიქმნა გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მიწურულს და მასში იმ პერიოდის თითქმის ყველა ცნობილი ავტორიტეტი იქნა მოთავსებული. მათ ან უნდა დაეხოცათ, ან გაეფუჭებინათ, – კრიმინალურ ენაზე, ქურდული სტატუსი უნდა ჩამოერთმიათ ერთმანეთისთვის. ისტორიას შემორჩა ნიკიტა ხრუშჩოვის ცნობილი ფრაზა, რომელიც მან „ბელი ლებედის“ ბინადრებზე თქვა: „ეს კერპები ერთად შეყარეთ და თუ ციხის სიმკაცრეს გაუძლეს, ერთმანეთს ვირთხებივით დაღრღნიან…“ პატიმარი არ გაჰყავთ ეზოში, სასეირნო ოთახი არის 20 კვადრატული მეტრის, ფანჯარაც კი არ აქვს. როდესაც პატიმარი გამოჰყავთ საკნიდან, მას უფლება არ აქვს წინ გაიხედოს, ხელები ზურგზე უნდა ჰქონდეს და მარტო იატაკს ხედავდეს. ამიტომ დაარქვეს თავის დროზე ქალაქ სოლიკამსკში მდებარე ამ საპყრობილეს „ბელი ლებედის“ ციხე. ის ჩაკეტილი რეჟიმის ქალაქად ითვლება, ადგილობრივი მცხოვრებლები მაღაროებში მუშაობენ. პაატა სასჯელს იხდის, კანიბალებთან, მანიაკებთან და ყველაზე სასტიკ დამნაშავეებთან ერთად – ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ექვსი თვის განმავლობაში მარტოც კი იყო საკანში. ახლა კი მასთან ერთად ზის ყოფილი სპორტსმენი, რომელიც ქილერია და შეკვეთილი მკვლელობისთვის დააპატიმრეს. თუ დედამიწის ზურგზე სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს არის ციხე, სადაც პაატა იხდის სასჯელს. მისი ნახვა ოჯახის წევრებს წელიწადში ორჯერ, ოთხი საათის განმავლობაში შეუძლია, შეხვედრების ოთახში შუშის აქეთ-იქით ესაუბრებიან ერთმანეთს, ხოლო საუბარი მხოლოდ რუსულ ენაზე შეიძლება.
მიწიერი ჯოჯოხეთად წოდებული„ბელი ლებედის“ კარცერში, ნახევარი მეტრის სიმაღლეზე მუდმივად წყალი დგას და ზაფხულშიც კი პლუს ორ გრადუსზე დაბლა არ იწევს ტემპერატურა. მიწისქვეშა საყინულე მეტად არ თბება. საპყრობილეშიც მხოლოდ ზედა საკნებს ათბობენ, ისიც იქ, სადაც ეგრეთ წოდებული მოტეხილები, ციხის ადმინისტრაციასთან შეკრული პატიმრები, არიან მოთავსებულები. ამიტომ, კარცერში მოხვედრა საფლავში მოხვედრის ტოლფასია და ათიდან შვიდი „გაკარცერებული“ პატიმარი, სულ რაღაც 72 საათის განმავლობაში (ზამთარში – 12 საათში) სიკვდილით ასრულებს სიცოცხლეს…
უიღბლობა პაატა გვასალიას მხოლოდ სპორტში არ ჰყოლია მეგზურად. მისი ტრაგიკული ისტორია, რომელიც გულგრილს ვერავის ტოვებს, კრიმინალური სტატისტიკის ნუსხა ნამდვილად არ არის.

.,,შენი მედია გუნდი”  პაატა გვასალიას  მამას მოსკოვში დაუკავშირდა, მისი უმორჩილესი თხოვნაა, საქართველოს ხელისუფლებამ თავისივე მოქალაქეს გარკვეული დახმარება გაუწიოს, , რათა როგორმე დაიხსნან პაატა იმ ჯოჯოხეთიდან , რომელშიც უკვე 10 წელია სიკვდილ-სიცოცხლე ერთმანეთს ებრძვის. სხვა ყველა შესაძლო რესურსი პაატას მამას ამოწურული აქვს, ერთადერთი იმედი შვილის გადარჩენაა.

მოამზადა: მარიამ ქობულიამ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი