მთავარი პოლიტიკა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წლისთავზე საქმის გამოძიებით დაინტერესებას ჰააგის სისხლის სამართლის...

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წლისთავზე საქმის გამოძიებით დაინტერესებას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი ქართული მხარის უმოქმედობით ხსნის

0 790

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წლისთავზე საქმის გამოძიებით დაინტერესებას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი ქართული მხარის უმოქმედობით ხსნის. როგორც ფატუ ბენსუდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან ბევრს აქვს კითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა ახლა ჰააგის პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის კონფლიქტი. მისი თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო მუშაობს დამატებითობის პრინციპის საფუძველზე და ის ვერ შეცვლის შიდა სახელმწიფოებრივ ორგანოებს. აქამდე კი გამოძიებები მიმდინარეობდა შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე როგორც საქართველოში, ისე რუსეთში.
“მხოლოდ ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ შეგვატყობინა, რომ მათ შეაჩერეს სამართალწარმოება ამ უმოქმედობის გამო, ასევე იმის გამო, რომ საქართველო არის ომის სტატუსის მონაწილე მხარე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვქონდა იურიდიული საფუძველი გამოძიების დასაწყებად. მოგეხსენებათ, წინასწარი მოკვლევა ეს არის პროცესი. ამ პროცესში ხდება იმის შეფასება, ჩადენილი იქნა თუ არა დანაშაული, ამ დანაშაულის სიმძიმის განსაზღვრა. ჩვენ ასევე ვამოწმებთ საერთაშორისო სასამართლოს ჩარევის შემთხვევაში ხომ არ დაზარალდება მართლმსაჯულების ინტერესები. ამ ყველაფრის შეფასების შედეგად მივიღე გადაწყვეტილება მიმემართა სასამართლოსთვის გამოძიებაზე ნებართვის თხოვნით”, – განაცხადა ფატუ ბენსუდამ.
რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, დაასახელა თუ არა ქართულმა მხარემ საქმის გამოძიების შეჩერების მიზეზები, პროკურორი განმარტავს, რომ ასეთ მიზეზად ქართულმა მხარემ დაასახელა დაზარალებულთა უსაფრთხოების დაცვის პრობლემა და ასევე ის, რომ მართლმსაჯულების აღსრულება ვერ მოხდებოდა ცხინვალის რეგიონში.
ფატუ ბენსუდასათვის უცნობია რამდენი ხანი დასჭირდება სასამართლოს იმის გადასაწყვეტად, მისცეს თუ არა პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე გამოძიების ნებართვა. როგორც ჰააგის სისხლის სამართლის და სასამართლოს პროკურორი აცხადებს, სხვა საქმეების მიხედვით ეს შეიძლება იყოს 3-4 თვე, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს უფრო ადრე, ან უფრო გვიან. ფატუ ბენსუდას თქმით, მან საკმაოდ ვრცელი შუამდგომლობა წარუდგინა სასამართლოს თავისი დამატებებით, რომლის გაცნობასაც დრო სჭირდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი