მთავარი მედია ციხის კადრების „განსხვავებული აქცენტები“

ციხის კადრების „განსხვავებული აქცენტები“

25 ოქტომბრის განსხვავებული აქცენტები” ე.წ. ციხის კადრებს” ეხებოდა. გადაცემის მიხედვითსწორედ ბედუკაძე იყო ის ადამიანივინც თანამზრახველებთან ერთად თავად დგამდა წამების კადრებს და არა მხოლოდ იღებდა, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა კიდეც პატიმრების წამებაში.

გადაცემის პირველ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ ამ კადრებში მონაწილე პირებს ან არაადეკვატურად დაბალი სასჯელი მიესაჯათ, ან საერთოდ გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან:

“ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებით საქართველოს ხელისუფლება და მაშინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების წინააღმდეგ წავიდნენ, ისევე, როგორც, ზოგადად, საღი აზრის, სამართლიანობისა და საზოგადოების მოთხოვნის წინააღმდეგ, რომელიც პატიმრების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვდა”, – ამბობს ჟურნალისტი. გადაცემის ბოლო ნაწილში კი აღნიშნავსრადგან ბედუკაძე სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მის თანამზრახველს მხოლოდ ცხრათვიანი პატიმრობა მიესაჯა, ეს ოცნების ხელისუფლებასა და ბედუკაძეს შორის დადებულ გარიგებაზე მეტყველებს.

გადაცემაში არ ისმის საგამოძიებო უწყებების ოფიციალური ვერსია, რის გამოც ბედუკაძე სასჯელისგან გათავისუფლდა.

კიდევ ერთი ადამიანი, ვის წინააღმდეგაც გადაცემაში ბრალდებებია გამოთქმულიმედიაკავშირ “ობიექტივის” დამფუძნებელი ირმა ინაშვილია. გადაცემის მიხედვით, ციხის კადრებთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაში ინაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ გავრცელდა კადრები სრულად. ინაშვილის ჩვენებაში წერია, რომ კადრების მხოლოდ ის ნაწილი დადეს, სადაც წამება და სადიზმი იყო აღბეჭდილი, ხოლო ის ნაწილი სადაც დიალოგებია, ჩათვალეს რომ საინტერესო არ იყო.

ჟურნალისტი კი ამტკიცებს, რომ “რეალური მიზეზი, რის გამოც ეს ვიდეომასალა არ გამოქვეყნდა, იყო ის, რომ მასში ისმის ერთი ადამიანის ხმა, ეს ადამიანი ვლადიმერ ბედუკაძეა, რითიც მტკიცდება, რომ ყველა კადრი, რომელიც მაშინ ეთერში გავიდა, არა მხოლოდ გადაიღო ბედუკაძემ, არამედ ის უშუალოდ მონაწილეობდა პატიმართა ცემასა და წამებაში”.

ეთერში ნაჩვენებია წამების კადრები, რომლებშიც ციხის თანაშრომლებისა და პატიმრების საუბარი ისმის. ვიდეოკადრების მინაწერის, ტიტრების მიხედვით (გაშიფრული ტექსტი) ის პირი, ვინც კადრებს იღებს და აწამებს პატიმრებს, ბედუკაძეა. გადაცემაში ნაჩვენებია ნაწყვეტი არქივიდან, (დავით პაიჭაძის გადაცემიდან), სადაც სტუმრად ვლადიმერ ბედუკაძე იყო. პაიჭაძე ბედუკაძეს ეკითხება, არის თუ არა ხმა, რომელიც კადრებში ისმის, მისი ხმა. ბედუკაძე ამბობს, რომ არ იცის, ჰგავს მის ხმას, თუმცა დაზუსტებით ვერ იტყვის.

მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა, გადაცემის ავტორებს არც ლადო ბედუკაძისთვის მიუციათ საშუალება საკუთარი პოზიცია გამოეხატა. გადაცემა ბალანსისთვის მხოლოდ არქივის კადრებისა და ინტერვიუების ჩვენებით შემოიფარგლა. ბედუკაძეს საშუალება არ მიეცა თავისი პოზიცია გამოეხატა რეალურ დროში, მაშინ, როცა მასზე გადაცემას ამზადებდნენ. “განსხვავებულ აქცენტებში” არც მასთან დაკავშირების მცდელობა ჩანს.

გადაცემის განმავლობაში ირმა ინაშვილი კიდევ ერთხელ, ე.წ. „ფეისბუკის სქრინშოთების“ ეპიზოდშია ნახსენები. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ფეისბუკის “სქრინშოთები” მას ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ მიაწოდა, ხოლო ლაშა ბერულავას კი ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაქირავებული ჰაკერის მეგობარმა გოგომ. როგორც „განსხვავებული აქცენტებიდან“ ვიგებთ, ჰაკერი გარდაიცვალა, კომპიუტერში ეს მასალა მისმა მეგობარმა გოგომ აღმოაჩინა და ჟურნალისტს გაუგზავნა.

“სქრინშოთებში” ჩანს მედიაკავშირ “ობიექტივის” ჟურნალისტის, ნინო ჯღარკავასა და ვლადიმერ ბედუკაძის მიმოწერა. გადაცემის წამყვანის თქმით, ვლადიმერ ბედუკაძეს “კადრების სანაცვლოდ გარკვეული თანხა უნდა მიეღო, რომ ბელგიაში მისი ცხოვრება დაფინანსებულიყო, ასევე მისი ოჯახის თურქეთში გადაყვანა და ფინანსური უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო, რაც ბუნებრივია ბადებს ეჭვს, რომ პატიმრების შეურაცხყოფასა და ამის ვიდეო გადაღებას ბედუკაძე თავიდანვე შეკვეთით, ფინანსური დაინტერესებით გამო ახდენდა“. წამყვანის ამ ტექსტით „სქრინშოთები“ უტყუარ მტკიცებულებად, ფაქტადაა წარმოდგენილი… თუმცა გადაცემის ამ ნაწილის მიწურულს, წამყვანი აღნიშნავს, რომ „სქრინშოთების“ ავთენტურობის დადგენა ვერ ხერხდება, შესაბამისად, „მას უტყუარ მტკიცებულებად ვერ მივიჩნევთ“.

მიმოწერის მიხედვით, ჯღარკავა ბედუკაძეს ეუბნება, რომ ამ დღეებში მის ცოლს 27 ათას დოლარს გადასცემენ, რომელიც “ირმას (იგულისხმება ირმა ინაშვილი – ავტ.) ხელიდან გავიდა?!”

ნინო ჯღარკავასთან დაკავშირებით გადაცემაში აღინიშნა, რომ მას ინტერვიუ სთხოვეს, თუმცა ჯღარკავამ კატეგორიული უარი განაცხადა. რაც შეეხება ირმა ინაშვილს, რომელიც ამ „სქრინშოთების“ მიხედვით ბედუკაძესა და ივანიშვილს შორის შუამავლად არის წარმოჩენილი, „განსხვავებული აქცენტები“ მას არ დაკავშირებია, ყოველ შემთხვევაში, წამყვანს გადაცემის მიმდინარეობისას, ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გადაცემაშია საუბარი, წინასაარჩევნოდ პატიმრების ცოცხით გაუპატიურების კადრების გავრცელებაა.

“რაც შეეხება ე.წ. ცოცხის კადრს, რის შემდეგადაც ქართულმა ოცნებამ ცოცხი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ აქცია, თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული კადრები ბედუკაძის მიერ იყო დადგმული”, – ამბობს ჟურნალისტი. გადაცემის მიხედვით, პატიმარი, რომელიც თითქოს ცოცხით გააუპატიურეს, სინამდვილეში ფსიქიკური პრობლემების მქონეა და როგორც გადაცემაში “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს: “ნაწამები ის ადამიანი არ არის. ჩანს ეს რეალურად“, კადრები კი დადგმულია. გადაცემაში ამ კონკრეტულ პატიმარზე არაერთხელ აღნიშნავენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოგვიანებით, გადაცემაში ამ პატიმრის მიერ მიცემულ ჩვენებას იყენებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ის ცოცხით არ გაუუპატიურებიათ. ჩვენებაში პატიმარი ამბობს, რომ მას ურტყამდნენ, აწამებდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა ცოცხით გაუპატიურება არ მომხდარა.

გადაცემაში არ ყოფილა წარმოჩენილი უფლებადაცვითი ორგანიზაციების პოზიცია, რომლებიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდნენ და რომლებსაც თავიანთ გამოცემებში, განცხადებებსა თუ ანგარიშებში არაერთხელ აღუწერიათ ციხეში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. შესაბამისად, გადაცემით იქმნება შთაბეჭდილება, რომ კადრები დადგმულია, ციხეებში წამებისა  და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არ ხდებოდა.

არაერთი ბრალდება ისმის ხელისუფლების მიმართაც, თუმცა გადაცემაში მათი პოზიცია არ ჩანს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

მუხლი 17. 2. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა.

მუხლი 18. 6. ჟურნალისტური გამოძიება საზოგადობრივი ინტერესის მქონე საკითხების გამოკვლევის ლეგიტიმური ჟურნალისტური ხერხია. ასეთ პროგრამაში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულება და გამოძიების საგანზე არსებულ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრი. ჟურნალისტმა, რომელიც ატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას უნდა უზრუნველყოს ფაქტების სიზუსტე, რათა დაცული იქნეს ჯეროვანი მიუკერძოებლობა.

 

ავტორი: დავით კახიანი

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი