მთავარი საზოგადოება რუსთავში დღეს ,,რუსთავქალაქობა 2015″ -ს აღნიშნავენ

რუსთავში დღეს ,,რუსთავქალაქობა 2015″ -ს აღნიშნავენ

0 1604

რუსთავში დღეს ,,რუსთავქალაქობა 2015″ -ს აღნიშნავენ. როგორც რუსთავის მერიიდან გახდა ცნობილი, ,,რუსთავქალაქობის” დღესასწაული 11:00 საათიდან დაიწყება. ქალაქის ცენტრალურ მოედანი დატვირთული იქნება რუსთაველი მხატვრების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების, ასევე ისტორიული მუზეუმის ექსპონატების გამოფენით; ბავშვებისათვის ატრაქციონები მოეწყობა, საკონცერტო ნომრები კი ორ სცენაზე იქნება წარმოდგენილი; მერიის შენობის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩაზე, სპორტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა; კოსტავას გამზირზე, ქართულ ნაციონალურ კერძებს წარმოადგენენ ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტები.
11:00 საათზე რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და სხვა ოფიციალური პირები, რუსთავის დამეგობრებული ქალაქების: პლოცკის, პანეჟევიცის და აკმენეს დელეგაციებს რუსთავის საკრებულოს დარბაზში შეხვდებიან. ქალაქის დღესასწაულს, უცხოელი სტუმრების გარდა, საქართველოს მთავრობის და ქვეყნის პარლამენტის წევრები დაესწრებიან.
,,რუსთავქალაქობა 2015″ ოფიციალურად, 12:00 საათისათვის საქართველოს ჰიმნით გაიხსნება. დღესასწაულის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, მცირე სცენაზე საბავშვო კონცერტი დაიწყება.
14:00 საათზე, რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორს, ღონისძიებით – ,,საშემოდგომო აღლუმი” წარმოადგენენ.
16:00 საათიდან, საკონცერტო ნომრებით დატვირთული იქნება მოედანზე განთავსებული ორივე სცენა. კონცერტს რუსთაველი შემსრულებლები დაიწყებენ, რის შემდეგაც, სცენას ,,ქართული ხმების” კვარტეტი დაიკავებს.
16:30 საათზე, მთავარ სცენაზე საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. მოგვიანებით, კონცერტს სოფო ბედია, აჩი ნიჟარაძე, ანსამბლები ,,თუთარჩელა”, ,,მე რუსთველი”, ,,სალხინო” და ,,ფიროსმანი”, ასევე სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები გააგრძელებენ.
20:00 საათიდან, ცენტრალურ სცენას ნინო ქათამაძე და ჯგუფი ,,ინსაითი” დაიკავებენ. ნინო ქათამაძე ორსაათიანი პროგრამით წარსდგება რუსთავქალაქობაზე მოსული სტუმრების წინაშე.
22:00 საათზე, ,,რუსთავქალაქობა 2015″ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. წელს, რუსთავი ,,რუსთავქალაქობას” მეთხუთმეტედ აღნიშნავს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი