მთავარი პოლიტიკა იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო

0 717

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
წულუკიანის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს – მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
“საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს.
ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური იწყებს საქმის წარმოებას სხვა ქვეყნის მოქალაქე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე და შესაბამის დასკვნას, პრეზიდენტის #237 ბრძანებულების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს.
2015 წლის 30 მაისს, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ეს ბრძანებულება, 2015 წლის 30 ოქტომბრის 12 საათის მდგომარეობით, კვლავაც არის გამოქვეყნებული ვებ-გვერდის იმავე მისამართზე. თუმცა, მოგვიანებით, მედიაში ასევე გაჩნდა განსხვავებული ინფორმაციაც. კერძოდ, 2015 წლის 24 ივლისს, თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება გვიანდებოდა.
ამ განცხადებამ გააჩინა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება რეალური და იყო თუ არა ის კვლავ ძალაში.
საქართველოს სახელმწიფო კანონის უზენაესობას ეფუძნება. საქართველოს ხელისუფლებაში 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოსული პოლიტიკური ძალა მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვას და ყველა თანასწორია კანონის წინაშე.
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობის არმქონე პირად ანუ აპატრიდად იქცევა და შესაბამისად აღარ იქნება არც ერთი სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ (იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი). ამგვარი ნაბიჯები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიერ 1961 წლის მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების თაობაზე გაერო-ს კონვენციის ფარგლებში აღებულ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.
შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით დაწყებული პროცედურა არ დაარღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, და საქართველოს ეს მოქალაქე არ დარჩებოდა ყოველგვარი მოქალაქეობის გარეშე, გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები.
2015 წლის 22 სექტემბერს სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მიმართა უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე.
წერილის უპასუხოდ დატოვების გამო, 2015 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს უკრაინაში და ითხოვა შუამდგომლობა უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურთან, რათა გამოგზავნილიყო ოფიციალური პასუხი.
2015 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” გამოუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული ნოტა, რომლის მიხედვითაც, “მიხეილ სააკაშვილი მიღებულ იქნა უკრაინის მოქალაქედ 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტის #301/2015 ბრძანებულებით, რომელიც დღესაც ძალაშია”.
მოცემული ნოტის საფუძველზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით, დღეს, 2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო” იწყებს მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას.
აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს უკრაინაში, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
ამის შემდგომ, სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნა მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი