მთავარი რეგიონი UNESCO-ს 70 წლის იუბილეს ბათუმში გალა-კონცერტი მიეძღვნება

UNESCO-ს 70 წლის იუბილეს ბათუმში გალა-კონცერტი მიეძღვნება

0 790

ბათუმში დღეს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ელისო ბოლქვაძის გალა-კონცერტს საქართველოში იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი დაესწრება.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, გამოჩენილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს, მიენიჭა წოდება “UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისათვის”, რითაც ქართველი ხელოვანი შეუერთდა იმ გამოჩენილ მოღვაწეებს მთელს მსოფლიოში, რომლებსაც საკუთარი სახელით, დამსახურებით და მაღალი რეპუტაციით დიდი წვლილი შეაქვთ ორგანიზაციის ფასეულობების პოპულარიზაციის საქმეში. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, UNESCO-ს 70 წლის იუბილის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის მისაღებად გამოჩენილი ტენორი ზურაბ სოტკილავა ჩამოდის.
“ერიკ ფალტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტია. ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრებთან, თამარ სანიკიძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-იუნესკოს თანმშრომლობის აქტუალური საკითხები, იუნესკოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები და ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს მეტად ჩართულობის პერსპექტივები. იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 15 სექტემბერს ბათუმის პიაცაზე იუნესკოს 70 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს დაესწრება. კონცერტზე ჩაიკოვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს ელისო ბოლქვაძე დაუკრავს. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში სპეციალურად ჩამოდის გამოჩენილი ტენორი ზურაბ სოტკილავა. კლასიკურ მუსიკასთან ერთად იქნება ფოლკლორიც, ანსამბლი “ქართული ხმები” ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
BATUMI MUSIC FEST ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ “ლირას” ორგანიზებით მესამე წელია ტარდება. ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ფესტივალის ფარგლებში ტარდება მასტერ-კლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. კონცერტი ზღვისპირა ქალაქში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის “ჰით ბათუმი 2015″-ის ფარგლებში ტარდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი