მთავარი სამართალი პროკურატურა უგულავასთან დაკავშირებით „რიყის“ ეპიზოდზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

პროკურატურა უგულავასთან დაკავშირებით „რიყის“ ეპიზოდზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

0 1006

საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. „რიყის“ ტერიტორიის გასხვისება-შეძენის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს,  რომლითაც თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამართლდა, სააპელაციო წესით ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
ბრალდების მხარე დაცვის მხარეს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

„2015 წლის 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ე.წ  “თბილსერვის ჯგუფისა“ და ე.წ. „რიყის“ ეპიზოდების განხილვა და ბრალდებული გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო.

გიორგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა ქ.თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, ასევე 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მოცემულ საქმეზე,  თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე ბრალდების 87 მოწმე დაიკითხა, მათ შორის ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის რგოლში დასაქმებული თანამდებობის პირები და კოორდინატორები, რომელთა ჩვენებებითაც, დადასტურდა, რომ ქ. თბილისის მერმა გიორგი უგულავამ 2010-2011 წლებში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების, ე.წ. კოორდინატორების მიერ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გაწეული პარტიული საქმიანობის დასაფინანსებლად, საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს „თბილსერვის ჯგუფში“ ფიქტიურად შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება 712 საშტატო ერთეულით, სადაც ფიქტიურად გააფორმა ზემოხსენებული 712 კოორდინატორი, მაშინ როდესაც ისინი რეალურად შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სასარგებლო სამუშაოს არ ასრულებდნენ. ამრიგად, ქ. თბილისის მერის გიორგი უგულავას მხრიდან, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიფლანგა 4 196 756 ლარი.

გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული იქნა არაერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელთა ერთობლივი ანალიზით და მოწმეთა ჩვენებებთან სრული თანხვედრა სასამართლომ უტყუარად მიიჩნია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ბრალდებულ გ.უგულავას მიმართ.

სასამართლომ მეორე ეპიზოდზე, რომელიც შეეხება ე.წ „რიყის“ ტერიტორიის გასხვისება-შეძენის ეპიზოდს, სასამართლომ ორივე ბრალდებულის გ.უგულავას და დ.კეზერაშვილის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი;  გიორგი უგულავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დავით კეზერაშვილს ამავე კოდექსის 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნულ ეპიზოდზე, ბრალდების მხარე გ.უგულავას და დ.კეზერაშვილს ედავებოდა, რომ 2008 წლის ბოლოს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა – დავით კეზერაშვილმა, განიზრახა ბიზნესმენ ჯოზეფ კეისთან არსებული ფინანსური ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შესრულება, რისთვისაც დაუკავშირდა იმჟამინდელ ქ.თბილისის მერს – გიორგი უგულავას, რათა ამ უკანასკნელს ქ.თბილისის მთავრობის სახელით მოეხდინა ქ.თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე კერძო კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად გამოსყიდვა, ხოლო ზედმეტად გადახდილ თანხას დავით კეზერაშვილი მისცემდა კანონიერ სახეს და გადასცემდა ჯოზეფ კეის.

აღნიშნულის შემდგომ, კერძოდ 2008 წლის 29 დეკემბერს გიორგი უგულავამ, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა, დავით კეზერაშვილთან შეთანხმებისამებრ გამოსცა №25.01.869 დადგენილება, რომლის თანახმადაც ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის გამოყოფილი ხარჯებიდან, შპს ,,ახალ რიყესთან“ შეთანხმებით, საბაზრო ღირებულებაზე მეტ თანხად, კერძოდ კი 17 000 000 აშშ დოლარად გამოსყიდულ იქნა 2006 წლის 06 ივნისს აუქციონის წესით შპს ,,ახალ რიყეზე“  7 000 000 აშშ დოლარად გასხვისებული, ქ.თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე 43 350 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. გიორგი უგულავას აღნიშნული ქმედების შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 10 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ფულადი თანხა, რაც მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე უნდა მოხმარებოდა ძველი თბილისის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების წახალისებას, მის განაშენიანებას, რესტავრაციასა და რეკონსტრუქციას.

მას შემდეგ, რაც შპს ,,ახალი რიყისათვის“ ანაზღაურებულ იქნა ამ უკანასკნელი საზოგადოების მიერ რიყის ტერიტორიის შესაძენად დახარჯული 7 000 000 აშშ დოლარი, დარჩენილი, დანაშაულებრივი გეგმის შედეგად გაფლანგული 10 000 000 აშშ დოლარის ჯოზეფ კეისათვის გადასაცემად კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, დავით კეზერაშვილის ხელმძღვანელობით დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ ჯოზეფ კეის კუთვნილ კომპანია „LAKEBROW LIMITED“-სა და შპს „ახალი რიყეს“ შორის დაამზადა ფიქტიური ხელშეკრულება მმართველობითი და ოპერაციული მომსახურების გაწევის თაობაზე, რაც ამ უკანასკნელი საზოგადოების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით ითვალისწინებდა 10 000 000 აშშ დოლარის გადახდას. მოჩვენებითი ვალდებულების ვითომდა დარღვევის გამო, დავით კეზერაშვილთან  შეთანხმებით,  2009 წლის 12 თებერვალს  შპს „ახალი რიყის“ მიერ 10 000 000 აშშ დოლარიდან შესაბამისი გადასახადის გადახდის შედეგად დარჩენილი 8 811 189 აშშ დოლარი გადაირიცხა ჯოზეფ კეის კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გამამართლებელ ნაწილში, ე.წ. „რიყის“ ეპიზოდზე არ ეთანხმება და სააპელაციო წესით გაასაჩივრებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

ხსენებული პროცესის მიმდინარეობისას მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და ჯერი დაცვის მხარეზე მიდგა, ადვოკატებმა სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაიწყეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრალდებულმა არაერთხელ შეცვალა ადვოკატები, რომლებმაც თავის მხრივ 4 თვის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით (მათ შორის საქმის მასალების არ ცოდნის მოტივით), 9-ჯერ თქვეს უარი საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე. მსგავსი ქმედებებით დაცვის მხარემ შეძლო სხდომის ხელოვნურად გაჭიანურება სექტემბრამდე და რომ არა დაცვის მხარის მსგავსი ქმედებები ხსენებული საქმის განხილვა დასრულდებოდა რამდენიმე თვით ადრე. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორებმა მედიასთან არაერთხელ ისაუბრეს და მოუწოდეს დაცვის მხარეს რომ შეეწყვიტა საქმის ხელოვნურად გაჭიანურება, თუმცა კი სხვა მხრივ ბრალდების მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას რეალურად ჩარეულიყო  საქმის მიმდინარეობაში.

პარალელურად გ.უგულავას დაცვის მხარემ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელით 2015 წლის 30 აპრილს, რომლზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 17 სექტემბერს. აქვე გვსურს განმვარტოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 9 თვიანი საპატიმრო ვადის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებით საპროცესო კოდექსის ერთი კონკრეტული მუხლის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობას, არ უკავშირდებოდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად არ ცვლიდა ბრალდებულ გიორგი უგულავას სამართლებრივ სტატუსსა და მდგომარეობას, ვინაიდან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას არ ჰქონია შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე.

აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ბრალდების მხარდაჭერას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გიორგი უგულავას ბრალდების სხვა სამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება გიორგი უგულავას ქ. თბილისის მერად მუშაობის პერიოდს:

  •    2007-2008 წლებში მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ივანე მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას ჩარევით ქართულ ტელებაზარზე მიმდინარე მოვლენებს, რაც გამოიხატა ტელეკომპანია იმედის დაუფლებისა და მთაწმინდის პარკის ქონების არამართლზომიერი განკარგვის საკითხებს;
  •   2009-2013 წლებში შპს ,,სიტი პარკის“ სასარგებლოდ მისი, როგორც იმჟამინდელი მერის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რის შედეგადაც სახელმწიფომ ვერ მიიღო 1 086 718 ლარი;
  •   2011-2012 წლებში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, პარტიის კოორდინატორების დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამიზნობრივად ქ.თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 48 მილიონი ლარის გაფლანგვის ფაქტს.
  •  სასამართლო განხილვების მიმდინარეობის პარალელურად, გირაოს ქვეშ ყოფნის პერიოდში, გიორგი უგულავამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები და გიორგი ღონიაშვილთან ერთად განახორციელა 760 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აგრეთვე ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ განახორციელა იძულება და მასობრივი არეულობის ორგანიზება“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი