მთავარი მედია „შარლი ებდოს“ რედაქციამ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის, ჯილდო მიიღო

„შარლი ებდოს“ რედაქციამ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის, ჯილდო მიიღო

0 941

გთხოვთ, შეინარჩუნოთ „შარლი ებდო“ ისეთი, როგორიც არის, მუსიე ბიარ, გთხოვთ, შეინარჩუნოთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შეგიძლიათ,“ – ამ სიტყვებით მიმართა პოტსდამის მერმა „შარლი ებდოს“ მთავარ რედაქტორს სანსუსის სასახლეში გამართულ ყოველწლიურ მედიაფორუმზე, სადაც „შარლი ებდოს“ რედაქციამ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის, ჯილდო მიიღო.

 

2015 წლის 7 იანვრის ტრაგედიის შემდეგ, ეს „შარლის“ ერთადერთი ჯილდო არ არის. გაზეთი, რომელზე თავდასხმამაც 11 ადამიანი, მათ შორის, რედაქციის წევრებიც იმსხვერპლა, ერთ დღეში იქცა მსოფლიოში სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების სიმბოლოდ.

 

კარიკატურები, რომლებსაც გამოცემა გვთავაზობს, ბევრისთვის დღესაც მიუღებელია. 2006 და 2011 წლებში, მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვისათვის მასშტაბური გამოსვლების მიუხედავად, „შარლი ებდოს“ კარიკატურების გამოქვეყნება არ შეუწყვეტია. რედაქციას დღემდე აკრიტიკებენ ისლამის შეურაცხყოფის გამო, თუმცა ჟერარ ბიარი მიიჩნევს, რომ კარიკატურების აღქმა არასწორია.

 

„ჩვენ არ ვაკრიტიკებთ და შეურაცხვყოფთ მორწმუნეებს, ჩვენ ვაკრიტიკებთ ისლამიზმს, როგორც იდეოლოგიას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისლამიზმის პირველი მსხვერპლი თავად მუსლიმები არიან“- აღნიშნა ბიარმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

 

რა შეიცვალა გაზეთის რედაქციისათვის 7 იანვრის შემდეგ? – ეს კითხვა ერთ-ერთია, რომელსაც „შარლი ებდოს“ რედაქტორი ხშირად პასუხობს. სახელსა და პოპულარობასთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური დონაციაა, რომელიც გაზეთს მომხდარის შემდეგ გაუჩნდა.

 

„ამ ფულს 7 იანვრის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს ვურიცხავთ,“ – აღნიშნავს რედაქტორი.

 

„შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ რედაქციის იმ წევრების შოკი, რომლებიც გადარჩნენ? შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ მათი ემოცია, როდესაც ნახეს, როგორ დაიღუპნენ მათი მეგობრები? რომლებმაც დაინახეს მომაკვდავი, სისხლში მცურავი თანამშრომლები?“

 

2015 წლის ივლისში, გერმანულ გამომცემლობა „შტერნში,“ „შარლი ებდოს“ ერთ-ერთი რედაქტორის ინტერვიუ გამოქვეყნდა. პუბლიკაციის თანახმად, გაზეთმა მუჰამედის კარიკატურების დახატვაზე უარი თქვა. ამ თემაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას ჟერარ ბიარმა აღნიშნა, რომ ციტატა არასწორად იქნა ნათარგმნი.

 

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ მუჰამედს არ დავხატავთ, ჩვენ ვთქვით, რომ არ შეიძლება, ჩვენ ერთადერთი ვიყოთ, რომელიც ამას გააკეთებს, რადგან ის სახიფათოა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენ არ შეურაცხვყოფთ ხალხს. ჩვენ არასოდეს დავბეჭდავთ რასიზმს და მასთან დაკავშირებული კარიკატურებს, თუმცა გავაკრიტიკებთ ქვეყნებს, მთავრობებს, იდეოლოგიებს იმაში, რაშიც დაიმსახურებენ“.

 

„კარგ სატირიკოსს უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე სიცილი“, – მიაჩნია ბიარდს და განმარტავს, რომ შვიდი იანვრის შემდეგ გამოცემული ნომრის პირველი გვერდი სწორედ ასეთი იყო.

 

„ძალიან გვერთულებოდა ამის გაკეთება, თუმცა მიგვაჩნდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა. ჩვენ გავიცინეთ და სწორედ სიცილზე ვფიქრობდით გაზეთის მომზადების პროცესში, რადგან მიგვაჩნდა, რომ სიცილი ყველაზე კარგად გაუსვამდა ხაზს ჩვენს ტრაგედიას. ჰოლოკოსტზე საუკეთესო ხუმრობები ებრაელების მოგონილია, თუ ტრაგედიისგან სიცილი არ შეგიძლია, ცუდია“.

 

გაზეთში გამოქვეყნებული კარიკატურები პოლიტიკურია. „შარლი ებდოს“ მისამართით კრიტიკის მორიგი ტალღა, 2015 წლის 7 იანვრის შემდეგ, ლტოლვილთა კრიზისის შესახებ დაბეჭდილმა კარიკატურებმა გამოიწვია. დაღუპული ბავშვის, პლაჟზე წამოწოლილი კაცისა და „მაკდონალდსის“ საფირმო ლოზუნგმა ბევრს პროტესტი გაუჩინა.

 

„თუ კარიკატურას შოკის გამოწვევა არ შეუძლია, ის არაფრად ვარგა“, – ამბობს ბიარი, „საზოგადოებას აღქმის პრობლემა აქვს. ეს კარიკატურა, რა თქმა უნდა, არ დასცინის დაღუპულებს. ეს კარიკატურა ასახავს რეალობას, ფაქტებს, რაც პირადულობის მიღმა დგას“.

 

ბიარს მიაჩნია, რომ ბოლო კარიკატურა რეალურ სიტუაციას ასახავს. რეალობა კი ათასობით დაღუპული და ათასობით ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი ადამიანია.

 

„ის, რასაც მათ ჩვენ აქ ვთავაზობთ, პირდაპირი გაგებით თავშესაფარია – შენობები. კარიკატურით ჩვენი აზრი გამოვხატეთ მიგრანტთა კრიზისზე, ფოტო იმ კარიკატურისტის აზრს გამოხატავს, რომელმაც დახატა. უნდა აღვნიშნო, რომ კრიტიკა, ძირითადად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თუ ამ მესიჯებს წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ბევრი მათგანი პარალელს ავლებს 7 იანვარსა და ჩვენს თავს მომხდარ უბედურებასთან, რაც არარელევანტურია“.

 

„ნორმალურია, როდესაც კარიკატურას არ ეთანხმები. ბევრისთვის ჩვენი ბოლო ნახატიც მიუღებელია. თუ თქვენ არ ეთანხმებით „შარლი ებდოში“ გამოქვეყნებულ კარიკატურას, სულაც არ ხართ მარტო, თუმცა ამის გამო მკვლელობა არ უნდა გაამართლო, ამის გამო სიკვდილით არ უნდა დაგვსაჯო. როდესაც ვიღაცას არ ეთანხმები, არ უნდა მოკლა. მე ბევრს არ ვეთანხმები, მაგრამ არ მინდა მათი სიკვდილი.“ – ამბობს ბიარი.

 

 

„შარლი ებდო“ 1970 წლიდან არსებობს. უსახსრობის გამო, 1981 წლიდან, ათწლიანი პაუზა აიღეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, გაზეთი მუდმივი სკანდალის მიზეზი იყო. მის ერთ-ერთ რედაქტორს, ანტისემიტიზმის ბრალდების გამო, გადადგომამაც მოუწია. „შარლი ებდო“ 2006 და 2011 წლებში, საფრანგეთში მუსლიმთა მასშტაბური გამოსვლის მიზეზი გახდა, რაც დაბეჭდილმა კარიკატურებმა გამოიწვია. 2015 წლის 7 იანვარს, რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ კი, სიტყვის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

 

პოტსდამი, 2015


ფოტო: თამთა თვალავაძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი