მთავარი სამართალი როლანდ ჯინჭარაძის მშობლები შვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ

როლანდ ჯინჭარაძის მშობლები შვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ

0 783

საბერძნეთში სამი წლის წინ დაკავებული 25 წლის როლანდ ჯინჭარაძის მშობლები შვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ. როგორც როლანდ ჯინჭარაძის დედამ, მზეო ჯინჭარაძემ განაცხადა, დაახლოებით ორი კვირის წინ ფილტვების დაავადებით მისი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უკვე მეშვიდე დღეა ადგილსამყოფელს ვერ პოულობენ.
“ჩემი შვილი რამდენიმე წელია საბერძნეთში იმყოფება. სამი წლის წინ დააკავეს და სასჯელს იხდის ათენში. რამდენიმე დღის წინ ფილტვებში წყალი ჩაუდგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ავადმყოფობის მიზეზი საბერძნეთის ციხის უყურადღებობაა, ექიმს ითხოვდნენ და არ მიჰყავდათ. უკვე მე-7 დღეა ვერ ვპოულობთ. კონსული იყო საავადმყოფოში მისული, თუმცა ერთადერთი რა ინფორმაციაც გამოიტანა, იყო ის, რომ ჩემი შვილის ადგილსამყოფელს ვერ პოულობენ”, – განაცხადა მზეო ჯინჭარაძემ.
როლანდ ჯინჭარაძის დედა შვილის ადგილსამყოფლის დადგენას მოითხოვს.
“ციხის საავადმყოფოდან ვერ გაიქცეოდა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ამას ადასტურებენ ჩვენი ახლობლები, რომლებიც ათენის საავადმყოფოში იყვნენ მისულები. საბერძნეთის პოლიციაც ვერაფერს ამბობს თუ სად არის ან სად გაქრა ჩემი შვილი”, – აღნიშნა მზეო ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, უკვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი ვერ მოისმინა.
“მხოლოდ ის მითხრეს, რომ 24 საათში შემატყობინებდნენ პასუხს, თუმცა ამის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. აღარ შემიძლია, აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ძალიან ვთხოვ ყველას, დამეხმარონ”, – აღნიშნა მზეო ჯინჭარაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი