მთავარი რეგიონი მუნიციპალიტეტებში ვეტერინარული სამსახურები ამოქმედდება

მუნიციპალიტეტებში ვეტერინარული სამსახურები ამოქმედდება

0 730

დღეს, აგროსერვის ცენტრს სომხური კომპანია „CARD“-ის ხელმძღვანელი გაგიკ სარდანიანი ესტუმრა. შეხვედრაზე, რომელსაც აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და „ენპარდ აჭარა“-ს პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ განიხილეს პროექტი, რომლის განხორციელებასაც სომხური კომპანია რეგიონში გეგმავს. პროექტი, რომელიც 2016 წელს დაიწყება მიზნად ისახავს აჭარის რეგიონში მეცხოველეობის, კონკრეტულად კი კერძო ვეტერინარული სამსახურების განვითარებას და ამ კუთხით აგროსერვის ცენტრის შესაბამისი სერვისების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში ვეტერინარებისთვის დაგეგმილია სემინარ-ტრენინგების ჩატარება, რის შემდეგაც მოხდება მუნიციპალიტეტებში ვეტერინარული სამსახურების ამოქმედდება.
„ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში გვყავს მხოლოდ ფურის ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარები, თუმცა ისინი მხოლოდ მონიტორინგსა და კონსულტირებას ეწევიან. ახალი პროექტი კი მნიშვნელოვანია, რადგან ის ითვალისწინებს კერძო ვეტერინარული სამსახურების განვითარებას მუნიციპალიტეტებში. პირველ ეტაპზე გადამზადდება ვეტერინარები, ხელსაწყოებითა და აპარატებით აღიჭურვება ვეტერინარული სამსახურები. ამის შემდეგ, კი ფერმერებს საშუალება ექნებათ სრულად ისარგებლონ ვეტერინარული სამსახურებით, რაც ითვალისწინებს ცხოველთა დაავადებების გამოკვლევას, პროფილაქტიკური და მკურნალობითი ღონისძიებების გატარებას, საჭიროების შემთხვევაში კი ქირურგიულ მომსახურებასაც,“ განაცხადა აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.
პროექტი აგროსერვის ცენტრსა და კომპანია „CARD“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის დეტალების დამუშავება და მხარეებს შორის შეთანხმება.
“CARD“ სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია რძის გადამამუშავებელი მცირე მექანიზაცია, მსხვილფეხა რქოსანი პირუტვის ხელოვნური განაყოფიერებისა და ფერმერთა კონსულტირების სერვისები. აგროსერვის ცენტრის „კარდ“-თან 2013 წლიდან თანამშრომლობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი