მთავარი ენერგეტიკა თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი ხვალ დადგინდება

თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი ხვალ დადგინდება

0 668

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 3 სექტემბრის საჯარო სხდომაზე სს “თელასისათვის” ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სემეკიდან აცნობეს, ტარიფის დადგენის მიზნით “თელასმა” კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.
კომისიამ სს “თელასის” ტარიფში შემავალ კომპონენტებთან დაკავშირებით სამი საჯარო განხილვა მოაწყო, სადაც დეტალურად იქნა განხილული ტარიფში შემავალი თითოეული კომპონენტი, სს “თელასის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და კომისიის აპარატის მიერ მომზადებული პროექტები. საჯარო შეხვედრებს ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, სს “თელასის”, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
კომისიის მიერ მომზადებული ყველა პროექტი განთავსებული იყო კომისიის ვებ-გვერდსა და კომისიის Facebook გვერდზე. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიაში ნებისმიერ პირს შეეძლო წინადადებების წარმოდგენა 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათამდე. თუმცა, კონკრეტული წინადადებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი