მთავარი პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება

0 599

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება. ერთს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორეს კი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.

მთავრობის მეთაური აშშ-ს 25 სექტემბერს ეწვევა, ქვეყნის პირველი პირის შტატებში გამგზავრება კი 27 სექტემბერსაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ვიზიტების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას დაესწრება, 1-ელ ოქტომბერს კი, სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გარდა ამისა, ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა ვიზიტის ზუსტი პროგრამა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პრეზიდენტი კი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს ეწვევა. უფრო კონკრეტულად, გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში, დისკუსიაში – “აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება” მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია. ასევე საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ორმხრივი შეხვედრები და საჯარო გამოსვლებია დაგეგმილი დედაქალაქ ვაშინგტონშიც, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი ვუდროუ ვილსონის სახელობის ცენტრს ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთ ორმხრივ შეხვედრას უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან გამართავს.

აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ვიზიტები 2 ოქტომბერს დასრულდება. არსებული ინფორმაციით, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ისე გიორიგ მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციებით გაემგზავრებიან.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი