15 აგვისტოდან ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და ექსპორტის დროს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო ხდება

    0 1251

    15 აგვისტოს ძალაში შედის ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების“ გამოყენების სავალდებულო წესი. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №257 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.
    ცვლილების შესაბამისად, ხსენებულ ინსტრუქციას №II-013 დანართის სახით დაემატა ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები“.
    ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ფორმულირებულია ახალი რედაქციით, რომლითაც ხაზგასმულია ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების“ გამოყენების სავალდებულო პირობები. ამასთან, ინსტრუქციას ემატება 252 მუხლი და რეგულირდება მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე), ხე-მცენარეზე და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების“ შევსების და გამოყენების საკითხები, აგრეთვე მითითებულია შემთხვევები, რა დროსაც, არ ვრცელდება ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების“ შევსების ვალდებულება.
    ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №258 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომლის შესაბამისად:
    აღნიშნული ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას დამატებით წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს ემატება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის დეკლარირება შესაძლებელი ხდება საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების“ წარდგენითაც, რომელთან ერთადაც უნდა წარედგინოს ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ექსპორტით გასატანი ხე-ტყის შემთხვევაში − ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების“ წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას, ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია დასრულდება აღნიშნული ზედნადების წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე გაშვების ნებართვის დამადასტურებელი შესაბამისი აღნიშვნის მითითებით.
    ცვლილება გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური აღნიშნულის შესახებ აცნობებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ხე-ტყით მოვაჭრე ბაზრობების ხელმძღვანელებს, ასევე შეტყობინებების სახით ინფორმაციას მიიღებენ გადამხდელებიც.

    ნ.მ.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი