მთავარი საზოგადოება საქართველოს პროკურატურა, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას დაკავების ფაქტს არ ადასტურებს

საქართველოს პროკურატურა, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას დაკავების ფაქტს არ ადასტურებს

საქართველოს  პროკურატურა, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას დაკავების ფაქტს  არ ადასტურებს. როგორც ,, შენი მედია გუნდს” მთავარი პროკურატურის პრესს-სამსახურმა განუცხადა, ბესარიონ ჟვანიას  დაკავების ფაქტი სიცრუეს შეესაბამება.

,, შენი მედია გუნდს” აღნიშნული ინფორმაცია, აჭარის შს მთავარ სამმართველოს პრესს-სამსახურმაც არ დაუდასტურა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიორგი ბარამიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, არ არსებობს არც მოწმე და არც არავის მიუმართავს დაზარალებულის სტატუსით, ასევე გადამოწმებული  ვიდეო მასალიდან  არ დასტურდება მსგავსი ინფორმაცია.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს  თავად გიორგი ბარამიძეც:

“სახელისუფლებო არხებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრისა და ლიდერის შვილთან, (რომელიც ჩემს თვალწინაა გაზრდილი) ბუსასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ისევე როგორც ზურას ოჯახის სხვა წევრებთან (რომლებიც პირველყოვლისა, არიან ზურას გარდაცვალებით გულმოკლულები) დაპირისპირება არასდროს მქონია და არც მექნება.

მე ზურას საქმესთან დაკავშირებით პირველყოვლისა ის მაღელვებს, რომ კვლავ გრძელდება ზურას სახელით სპეკულაცია და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა. 
მეც და ზურას სხვა მეგობრები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზურას ხსოვნას მომავალში შესაბამისი პატივი მიეგოს”-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ კვირას მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია, დაადასტურა ზურაბ ჟვანიას მეგობარმა, ყოფილმა პარლამენტარმა, ხათუნა ხოფერიამ .  რომლის მიხედვითაც ბათუმში ზურაბ ჟვანიას უფროსი ვაჟიშვილი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი ბარამიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

როგორც ხათუნა ხოფერიამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა, გიორგი ბარამიძეს ზურაბ ჟვანიას ოჯახის მიმართ ყურადღება არასდროს გამოუმჟღავნებია.

“ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ზურას ოჯახს დავუკავშირდი, თუმცა, რადგან მათ ამ ინციდენტზე ღიად საუბარი არ სურთ, მეც თავს შევიკავებ. ვინმესთვის ფიზიკურად გასწორება სიამოვნებას არ მანიჭებს, თუმცა მოთმინებასაც საზღვარი აქვს!

ბარამიძეს ზურას ოჯახთან ურთიერთობა წლების განმავლობაში არ ჰქონია, არადა, ზურა მისი უახლოესი მეგობარი და ხელის გამმართავი იყო, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ბარამიძის გვერდით იდგა. ზურას ასეთ დამოკიდებულებას ბარამიძემ ხაზი გადაუსვა, მის ოჯახთან მისასვლელი პირი აღარ ჰქონდა.

ბუსა 10 წლის იყო, როდესაც ზურა დაიღუპა და მას შემდეგ, ბარამიძე ბავშვთან დასალაპარაკებლად არასოდეს მისულა. ახლა კი, როდესაც ბუსა უკვე თავმოყვარე ვაჟკაცია და ცდილობ, მამამისთან მეგობრობაზე რაღაცები დაუმტკიცო, სხვა რეაქციას რატომ ელოდები?

თუ ზურას სულთან თავს დამნაშავედ გრძნობ და შეცდომის გამოსწორების სურვილი გაქვს, ოჯახში რატომ არ მიდიხარ და თავის მართლებას ქუჩაში რატომ იწყებ? თანაც ზურას ერთადერთ ვაჟთან მაინც იმას ამტკიცებ, მართალი ვარო. ასე მოქცევა მხოლოდ ბარამიძეს შეეძლო. ასეთ დროს ნებისმიერი თავმოყვარე ახალგაზრდა ბუსას მსგავსად მოიქცეოდა. მის საქციელს აბსოლუტურად ვამართლებ.

ბუსასთვის ღირსება მამამისის ხსოვნის დაცვაა და ეს ბარამიძეს კარგად უნდა სცოდნოდა! ის იმდენად ვაჟკაცი ახალგაზრდაა, რომ არა მხოლოდ მამის ხსოვნა დაიცვა, ბარამიძეს განაჩენი გამოუტანა და გაასამართლა! დარწმუნებული ვარ, ბარამიძეს ბუსას მუშტი დიდხანს ემახსოვრება. ყოჩაღ, ბუსას ვაჟკაცობას”,- განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

ჩვენ შევეცადეთ აღნიშნული ფაქტი ქალბატონ ნინო ქადაგიძესთან გადაგვეწმებინა.  ბესარიონ ჟვანიას დედამ, ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა , თუმცა მსგავსი ფაქტის არსებობა დაგვიდასტურა.

მოამზადა: მარიამ ქობულიამ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი