მთავარი საერთო რუსეთის პაექრობა დასავლეთთან კავკასიაშიც იწყება

რუსეთის პაექრობა დასავლეთთან კავკასიაშიც იწყება

გავლენიანი ამერიკული ანალიტიკური ცენტრი Stratfor-ი, რომელიც უსაფრთოხების საკითხებზეა ორიენტირებული, კავკასიაში რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ დაპირისპირებაზე წერს.

იმ დროს, როდესაც კონფლიქტი უკრაინაში დღითიდღე მწვავდება, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება ყოფილ საბჭოთა კავშირის პერიფერიის უფრო აღმოსავლეთ ნაწილშიც იკრეფს ძალებს.

სამშაბათს, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აშშ-ს თავდაცვის მდივანს ეშტონ კარტერს პენტაგონში შეხვდა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი აზერბაიჯანში სამხედრო რადარის განთავსებას აპირებს 2017 წლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული და შეიძლება არც იყოს სიმართლე, მისი გავრცელება მიანიშნებს იმაზე, რომ კავკასიაში შესაძლოა სერიოზული ცვლილებები მოხდეს.

სამხრეთ კავაკსიისთვის, რომელიც შედგება სამი ქვეყნისგან – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, არ არის უცხო დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის. სწორედ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომმა განაპირობა რუსეთის რეგიონალურ ძალად ჩამოყალიბება და ხაზი გაუსვა დასავლეთის სურვილის არარსებობას დაიცვას ქვეყანა, რომელიც როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს მოკავშირეა.

ომის შემდეგ, რუსეთმა შეძლო ნატოში აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შორის განხეთქილების გამოყენება, რომელიც ერაყისა და ავღანეთის ომის გამო წარმოიშვა და აღადგინა გავლენა თითქმის მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპიდან დაწყებული, ცენტრალური აზიით დამთავრებული.

ეს განსაკუთრებით ჩანდა კავკასიაში, სადაც რუსეთმა საქართველოსთან ომის შემდეგ, გააძლიერა სამხედრო და პოლიტიკური გავლენა სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა გაზარდა სამხედრო კონტიგენტი სომხეთშიც და გააძლიერა გავლენა ამ ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე. რუსეთის სუსტი წერტილი იყო აზერბაიჯანი, რომელმაც რუსეთთან დაახლოების ნაცვლად არჩია გამოეყენებინა თავისი მდიდარი რესურსები და სტრატეგიული ადგილმდებარეობა და მიიღო დივიდენდები რუსეთისგან, თურქეთისგან და დასავლეთისგან. თუმცა, რუსეთის სამხედრო გავლენა საქართველოსა და სომხეთში აზერბაიჯანს ყოველთვის ახსენებდა, რომ რუსეთი იყო დომინანტი გარე მოთამაშე რეგიონში.

მიუხედავად ყველაფრისა, დასავლეთი გულხელდაკრეფილი არ უყურებდა რუსეთის მცდელობებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე გაევრცელებინა თავისი გავლენა. ევრომაიდანის მოვლენების დროს, ევროკავშირმა და აშშ-მ მხარი დაუჭირეს პრორუსული მთავრობის ხელისუფლებიდან მოშორებას და მისი პროდასავლური ლიდერით ჩანაცვლებას. ამავე დროს, დასავლეთმა ნათლად განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერა უკრაინით არ შემოიფარგლებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და ღიად უჭერს მხარს სეპარატისტულად განწყობილ მებრძოლებს ქვეყნის აღმოსავლეთში. დასავლეთმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროების მობილიზება დაიწყო და გააფართოვა თანამშრომლობა ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან.

ეს გაფართოვება ყველაზე აშკარად უკრაინაში მოხდა, თუმცა არა მხოლოდ იქ. ქართველი ჯარისკაცები გაცილებით მეტ წვრთნებს გადიან ნატოსა და აშშ-ს სამხედროებთან ერთად, მას შემდეგ, რაც უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ სასურველი ნატოს წევრობა ვერ მიიღო, ალიანსი ქვეყანაში საწვრთნელ ცენტრს გახსნის აგვისტოს ბოლოს, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრება. ამ ცენტრის გახსნა იმდენად იქნება რუსეთისთვის არასასიამოვნო, რამდენადაც იმედების მომცემი საქართველოსთვის. ქვეყნისთვის, რომელიც თვლის, რომ ალიანსმა, შვიდი წლის წინ, რუსეთთან ომის დროს მიატოვა.

მოსკოვი განსაკუთრებით უკმაყოფილო იქნება იმით, რომ მისი, ერთ დროს, დომინანტური პოზიცია კავკასიაში გამოწვევის წინაშე უკრაინის კრიზისის დროს დადგა. უკრაინის მოვლენების დაწყებიდან, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც ბოლო ოცი წელი გაყინული იყო, ინტენსიური ხდება. ეს სავარაუდოდ დამთხვევა არ არის. რუსეთის უნარი, გამართოს მხარეებს შორის მოლაპარაკებები და კონფლიქტი სათავისოდ წარმართოს, დაქვეითებულია. ჩვეულებრივ, რუსეთის სამხედრო ძალა სომხეთში საკმარისი იყო მშვიდობის შესანარჩუნებლად. თუმცა, დასავლეთი ბოლო დროს აზერბაიჯანს ენერგიის ალტერნატიულ მიმწოდებლად აღიქვამს, რაც აზერბაიჯანს უფრო მეტ ბერკეტს აძელვს, რუსეთის როლის შესუსტების პარალელურად. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ იქცევა აზერბაიჯანი უფრო აგრესიულად სტატუს კვოს გამოსაცდელად და რატომ არის ერევნისა და მოსკოვის პასუხები შედარებით სუსტი.

ჩვეულებრივ, რუსეთი გააკრიტიკებდა აზერბაიჯანს და გააძლიერებდა სომხეთის მხარდაჭერას, თუმცა ეს არ გააკეთა. ამის მაგივრად, მან სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დიალოგისკენ. ამასთან, რუსმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ მოსკოვი გააგრძელებს ორივე ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას. ამავე დროს, რუსეთმა გააძლიერა უსაფრთოების სფეროში თანამშრომლობა აზერბაიჯანთან. რუსეთის სამხედრო გემები ბაქოს პორტს 13-16 აგვისტოს სტუმრობდნენ და ორი ქვეყნის სამხედროები, ბოლო თვეებია, ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

ამ კონტექსტში, ტელეკომპანია „ზვეზდა“, 17 აგვისტოს, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსთი აპირებს „ვარონეჟის“ კლასის რადარების განლაგებას აზერბაიჯანში 2017 წლისთვის. არის არაერთი მიზეზი, თუ რატომ არის ეს ინფორმაცია საეჭვო. არც რუსეთის, არც აზერბაიჯანის მხარეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ამასთან, „ზვეზდა“, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მართავს, ცნობილია, როგორც პროპაგანდის გამავრცელებელი. თანაც, რუსებს არ სჭირდებათ რადარის განთავსება აზერბაიჯანში, რადგან მათ უკვე განათავსეს სხვა რადარი, მას შემდეგ, რაც დაკარგეს გაბალის რადარზე კონტროლი 2012 წელს.

ეს არ ნიშნავს, რომ ბაქოსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობა გამორიცხულია. სიტუაცია კავკასიაში რთულია. ბოლო მოვლენები ამ რეგიონში უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს, თუმცა ეს კითხვები რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირების ევოლუციის მნიშნველოვანი ნაწილია .

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი