მთავარი საერთო ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება

ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება

0 800

შსს მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში რჩება მძიმე. რაიმე არსებითი ცვლილება მასთან ჯერჯერობით არ ვლინდება. უგრძელდება რეანიმაციული მკურნალობა“-აცხადებს ექიმი კონსტანტინე მუმლაძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ 28 აგვისტოს თბილისი-ტაბახმელას ავტომაგისტრალზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მოცემულ ეტაპზე მოპოვებული მასალებით გამოირიცხა ლევან გვაზავაზე და რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია.

“2015 წლის 28 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2015 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე ილია ქერტყოევი, ლევან გვაზავა, რევაზ კალომლეწავი და გურამ თათელაძე, ილია ქერტყოევის მართვის ქვეშ მყოფი mercedes ml-ის მარკის ავტომანქანით სოფელ პანტიანიდან, სადაც ლევან გვაზავას ნათესავთან აღნიშნეს მარიამობის დღესასწაული, ბრუნდებოდნენ ქ.თბილისში. ავტომანქანის წინა სავარძლებზე ისხდნენ ილია ქერტყოევი და რევაზ კალომლეწავი, ხოლო უკან – ლევან გვაზავა და გურამ თათელაძე. გზაში ლევან გვაზავამ უმიზეზოდ ამოიღო სავარაუდოდ შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ,,გლოკი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა გურამ თათელაძის მოთხოვნით შეინახა. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში, როდესაც ავტომანქანა იმყოფებოდა თბილისი -კოჯორის გზატკეცილის 2/156-ე კილომეტრზე, ავტომანქანის სალონში სავარაუდოდ ლევან გვაზავას კუთვნილი იარაღიდან მოხდა გასროლა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო ლევან გვაზავას დეიდაშვილმა რევაზ კალომლეწავმა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ლევან გვაზავამ სავარაუდოდ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება თავის არეში, რის შემდგომაც იგი გადაყვანილ იქნა შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი – საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ზემოაღნიშნული გარემოებები და მათ შორის მანქანაში მომხდარი ორი გასროლის ფაქტი დადასტურებულია როგორც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი, ასევე შემთხვევის ადგილზე მოკლე დროშივე მისული მოწმეების ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რის შედეგადაც ნანახი და ამოღებულია სავარაუდოდ ,,გლოკი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მხოლოდ ორი მასრა, ტყვიის ერთი გულა და ლევან გვაზავას კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.”-წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი