მთავარი საერთო გიორგი კარბელაშვილი წუხელ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის

გიორგი კარბელაშვილი წუხელ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის

0 849

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი წუხელ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის.

„ნება მომეცით, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო მომხდარი ინციდენტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პოლიციელების ქმედება ატარებდა წინასწარგანზრახული პროვოკაციის ნიშნებს, ჩემს საქციელს – ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომას და გინებას – გამართლება არა აქვს და გულწრფელად ვნანობ.

ვალდებული ვარ, საზოგადოებას ავუხსნა, რა მოხდა. ყოველ წელს ცხრა აგვისტოს ქვიშხეთში აღვნიშნავთ ჩემი ოჯახის ომში გარდაცვლილი მეგობრის, დათო ბლიაძის წლისთავს. როგორც საზოგადოებამ ნახა, სუფრაზე დავლიე. რესტორნიდან გამოსვლისთანავე გამაჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პატრულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. შედეგად, პოლიციამ დამაკავა და მთელი ღამე მატარებდა სხვადასხვა მიმართულებით. ერთ მომენტში ქვიშხეთში დაკავებული აღმოვჩნდი ნაჭარმაგევში და ვიფიქრე, რომ ცხინვალის მიმართულებით მივყავდით.

რაც შეეხება პრემიერმინისტრის მორიგ უტაქტო და არაკორექტულ განცხადებას, მასზე პასუხის გაცემა ზედმეტად მიმაჩნია.

დასასრულს, მინდა მოვუწოდო ყველას, გაათავისუფლონ ჩემი თანამგზავრი, გარდაცვლილი დავით ბლიაძის ბიძაშვილი ელგუჯა ბლიაძე, რომელსაც მომხდარში არავითარი დანაშაული არ მიუძღვის“, – აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, გიორგი კარბელაშვილი სამართალდამცველებმა, წუხელ, სოფელ ქვიშხეთთან დააკავეს. იგი და მისი თანმხლები პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით განყოფილებაში გადაიყვანეს. კარბელაშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ დეპუტატი დაკავებული არ ყოფილა და მან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა. მოგვიანებით, უწყებამ ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი