მთავარი სამართალი ფსიქოტროპული ნივთიერებების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტზე 9 აფთიაქს ლიცენზია გაუუქმდა

ფსიქოტროპული ნივთიერებების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტზე 9 აფთიაქს ლიცენზია გაუუქმდა

0 713

2015 წლის 1 იანვრიდან 29 ივლისის ჩათვლით, ფსიქოტროპული ნივთიერებების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 69 ადმინისტრაციული ოქმი იქნა შედგენილი. გამოვლენილი სამართალდარღვევის გამო, 9 აფთიაქს გაუუქმდა ლიცენზია. დანარჩენ შემთხვევაში კი ფულადი სანქციები დაეკისრათ.

აღსანიშნავია, რომ დადგენილების მიხედვით, ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის ფაქტებზე, პირველ ჯერზე ჯარიმა განისაზღვრება 6000 ლარის ოდენობით. მეორე და ყოველი შემდგომი შემთხვევა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 12 000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტი ერთი და იგივე აფთიაქში ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა, რეგულირების სააგენტო, სასამართლო დადგენილების საფუძველზე უფლებამოსილია აფთიაქს ლიცენზია გაუუქმოს.

“ცვლილებები კანონპროექტში უკვე შემუშავებულია, რომლის მიხედვითაც ლიმიტირებული გახდება ფსიქოტროპული აფთიაქების რაოდენობა და ნებართვა გაიცემა მხოლოდ ტერიტორული პრინციპით: თბილისის მასშტაბით, თითო უბანზე გაიცემა მხოლოდ 2 ნებართვა. თვითმმართველ ქალაქებში – 50 000 მოსახლემდე გაიცემა 1 ნებართვა. ყოველ შემდგომ 50 000 მოსახლეზე კი დამატებით გაიცემა კიდევ 1 ნებართვა; მუნიციპალიტეტებში გაიცემა არაუმეტეს 1 ნებართვისა”,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი