როდის გადაეცემა “არსენალის მთა ღამით” ხელოვნების მუზეუმს

    0 1735

    როდის გადაეცემა ფიროსმანის ნახატი – “არსენალის მთა ღამით” ხელოვნების მუზეუმს, ჯერ უცნობია. როგორც საზოგადოება 20/30-ში განაცხადეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი ტილოს საქართველოში ჩამოტანას გარკვეული პროცედურები სჭირდება, რომელიც მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ნახატის სამშობლოში დაბრუნება სწორედ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
    კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმი რომლის შემადგენლობაშიც ხელოვნების მუზეუმი შედის განმარტეს, ფიროსმანის ნახატის საქართველოში ჩამოტანასა და მისი მუზეუმისთვის გადაცემის საკითხზე ბიძინა ივანიშვილი მათთან კონსულტაციას არ გადის, რის გამოც უწყება კომენტარს ვერ გააკეთებს.
    “ნახატი შეიძინა კერძო პირმა, რომელსაც მისი მუზეუმისთვის გადაცემა სურს. ბიძინა ივანიშვილი ამასთან დაკავშირებით ჩვენთან კონსულტაციას არ გადის, რის გამოც სამინისტრო კომენტარს ვერ გააკეთებს”, – აღნიშნეს უწყებაში.
    ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით კი, ფიროსმანის ტილოს მათ დაქვემდებარებაში შემავალი ხელოვნების მუზეუმისთვის გადაცემის თაობაზე ამ დრომდე არავინ დაკავშირებიათ და მათთვის აღნიშნულის შესახებ მხოლოდ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაა ცნობილი.
    იმის თაობაზე, გადაეცა თუ არა ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” მის ახალ მფლობელს, ბიძინა ივანიშვილს, “ინტერპრესნიუსი” კრისტის აუქციონის ადმინისტრაციასაც ესაუბრა. მათი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია. კრისტის აუქციონის ადმინისტრაციის მიერ სააგენტოსადმი გამოგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაში მხოლოდ ის არის დადასტურებული, რომ ნიკო ფიროსმანის ნახატი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
    ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატში 1,471,662 დოლარი გადაიხადა. “კრისტის” აუქციონი 1-ელ ივნისს გაიმართა. ფიროსმანის ნახატის გაყიდვას 800,000-1,200,000 ფუნტ სტერლინგად ვარაუდობდნენ.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი