მთავარი კულტურა გონიო-აფსაროსში გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს

გონიო-აფსაროსში გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს

0 895

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან მირანდა ჩარკვიანთან ერთად გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში აღმოჩენილი გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა მოინახულა.

2015 წლის 27 ივნისიდან, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით გონიოს ციხეში მიმდინარეობს ქართულ–პოლონური ერთობლივი ექსპედიციის მეორე სეზონი.

სამი კვირის მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი აღმოჩენები დაფიქსირდა. ერთ–ერთი კონსტრუქციის იატაკზე (მისი სავარაუდო ფართობი 100 კვ.მ. უნდა იყოს) გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს.

რომაული კულტურის გავრცელების არეალში მრავალი მოზაიკა აღმოჩენილა, მაგრამ გონიოს ნიმუში განსაკუთრებულია. ესაა რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა, რაც იშვიათობაა. ამ პერიოდით დათარიღებული (ახ.წ. I ს–ის მეორე ნახევარი) მსგავსი ტიპის არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარისთვის პირველია. სავარაუდოდ, ეს აბანო ვესპასიანეს მმართველობის (69–79 წწ) დროსაა აგებული.

ციხის სამხრეთ–აღმოსავლეთ მონაკვეთში გრძელდება რომაული ეპოქის ყაზარმის ნაშთების შესწავლა. ამ აღმოჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გონიოს ციხე რომის იმპერიის მნიშვნელოვანი სასაზღვრო ციხესიმაგრე იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი