მთავარი საერთო არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს პრემიერთან შეხვედრა კვლავ სურთ

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს პრემიერთან შეხვედრა კვლავ სურთ

0 843

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ძალაში რჩება მოთხოვნა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შესახებ.

„გვსურს განვაცხადოთ, რომ ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შესახებ მარკირების თემასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ პრემიერმინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილზე რეაგირება სწრაფი იყო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას, თუმცა  მარკირების ორი თვით გადადება პრობლემას არ ხსნის. ჩვენ მიგვაჩნია, და საერთაშორისო გამოცდილებაც ამ საკითხთან დაკავშირებით გვაჩვენებს, რომ არაალკოჰოლური სასმელების მარკირება, როგორც ასეთი, უნდა გაუქმდეს.

შეშფოთებას იწვევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურს ამ თემაზე ბიზნეს სექტორთან შეხვედრა და თითქოსდა ჩვენი თხოვნა იყო, რომ პირველ პერიოდში მარკირების ღირებულება სახელმწიფოს გადაეხადა.

ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამ განცხადებას, რადგან არასდროს, მოლაპარაკების არცერთ ეტაპზე მსგავსი რამ არ მოგვითხოვია, რადგან მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო დიდი დანაშაული იქნება ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან  უცხოური კომპანიისთვის გადახდა.

აღნიშნული ფაქტი ნათლად გვაჩვენებს, რომ აუცილებელია პრემიერმინისტრთან ბიზნესმენების შეხვედრა, რათა ბიზნესს მიეცეს საშუალება არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება დაუშვებელი, არასამართლიანი და არარაციონალურია და იგი ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებს“, – წერია განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი