მთავარი საზოგადოება ჩილესთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა

ჩილესთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩილეს რესპუბლიკაში იმყოფება. სანტიაგოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრს ერალდო მუნიოს და მინისტრის პირველ მოადგილეს ედგარდო რივეროს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრებზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა დაადასტურეს არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი და მზადყოფნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
გადაწყდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგი რაუნდი წლის ბოლომდე თბილისში გაიმართოს. აგრეთვე განხილულ იქნა პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ჩილეს ბიზნესწრეების წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩილეს მხარემ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ბერუჩაშვილი ჩილეს ანდრეს ბეიოს სახელობის დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა, სადაც აკადემიის მსმენელებისთვის მინისტრმა წაიკითხა ღია ლექცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.
ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტით დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთკვირიანი ტურნე სამხრეთ კონუსის ქვეყნებში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი