მთავარი საზოგადოება საქსტატი – 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 %-ით შემცირდა

საქსტატი – 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 %-ით შემცირდა

0 1676

საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 %-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემები გამოაქვეყნა.
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3917 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 884 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3033 მლნ. აშშ დოლარს (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მაისში 2150 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1179 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 242 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 937 მლნ. აშშ დოლარი (3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად, 26, 22 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მაისში 31 პროცენტი).
საქსტატის ცნობით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-მაისში 1127 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 338 მლნ. აშშ დოლარი (46 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 789 მლნ. აშშ დოლარი იყო (3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 29 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 32, 53 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მაისში 9 პროცენტი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (611 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (360 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (304 მლნ. აშშ დოლარი).
“2015 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 105 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 88 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე კვლავ ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 86 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10 პროცენტი შეადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-მაისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 262 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა.
“მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 242 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 217 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი)”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი