მთავარი საზოგადოება საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა 94 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ

საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა 94 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ

0 1929

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა ერთი წლით, 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 2015 წლის 8 ივნისს მიიღო, მას ხელს პრემიერი აწერს და ის საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

ახალი დადგენილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 365 დღით დარჩენა მსოფლიოს 94 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. თუმცა მათ შორის კვლავ არ არის ის 24 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც მანამდეც შეეძლოთ უვიზოდ საქართველოში შემოსვლა.

მთავრობის დადგენილებაში ასევე წერია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.

ასევე, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის – ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.

შეგახსენებთ, 2014 წლის 1 სექტემბერს გამოიცა დადგენილება “იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“. ამ დოკუმენტით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ეზღუდებოდათ. მათ 180 დღის განმავლობაში მხოლოდ 90 დღით ჰქონდათ ქვეყანაში დარჩენის უფლება. 2015 წლის 8 ივნისს ხელმოწერილი დოკუმენტით კი აღნიშული ვადა გაიზარდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი