მთავარი სამართალი პროკურატურამ ე.წ.კაბელების საქმის სააპელაციო საჩივარს გრიფი საიდუმლო მოხსნა

პროკურატურამ ე.წ.კაბელების საქმის სააპელაციო საჩივარს გრიფი საიდუმლო მოხსნა

0 814

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარს გრიფი კონტრდაზვერვის წერილის საფუძველზე მოხსნა. როგორც  ჟურნალისტებს პროკურატურის წარმომადგენელმა 
ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, გრიფი აეხსნა იმ ნაწილს, რაზეც კონტრდაზვერვამ დართო ნება. 
“პროკურატურამ თავის დროზე საქმეს მოხსნა გრიფი “საიდუმლო”. ჩვენ გავმიჯნეთ საიდუმლო დოკუმენტაცია არასაიდუმლოსგან, რათა სასამართლო პროცესი ყოფილიყო საჯარო. მიუხედავად, პროკურატურის ძალისხმევისა, პირველივე სხდომაზე თავად ადვოკატებმა მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა, რასაც მოყვა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების საიდუმლო რეჟიმში განხილვა. ამდენად, სასამართლოს განჩინებაც, რომელიც ჩვენს მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით გამოცხადდა დახურულ სხდომაზე და მასში დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ადვოკატებს ეს განჩინება გადაეცათ საიდუმლო ნაწილში დაშტრიხული სახით. კერძოდ, დაშტრიხულია ამ განჩინებაში არსებული საიდუმლო ინფორმაცია, ვინაიდან ადვოკატებს არ აქვთ შესაბამისი დაშვება აღნიშნული კატეგორიის ინფორმაციაზე. სწორედ ამის გამო მოგვიწია სააპელაციო საჩივრის შეტანა საიდუმლო წესით, ვინაიდან სასამართლოს განჩინების მსგავსად,  მასში დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. 
მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც პროკურატურამ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, პარალელურ რეჟიმში მან კვლავ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელმაც გამიჯნა სააპელაციო საჩივრის საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი, კერძოდ, დაიშტრიხა სააპელაციო საჩივარში არსებული საიდუმლო ინფორმაცია. 
“ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას და ადვოკატებს მიეწოდებათ ჩვენი სააპელაციო საჩივარი. აქედან გვინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები სრულად არიან ინფორმირებული აღნიშნულის შესახებ, ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტებისა, ფაქტების დამახინჯებით სპეკულირებენ მსგავსი აბსურდული განცხადებებით და საზოგადოება განზრხა შეჰყავთ შეცდომაში”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი