მთავარი კულტურა ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა ბათუმში

ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა ბათუმში

0 2616

ფიროსმანის მოგზაურობა გრძელდება. მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში დაცული და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ნამუშევრების გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმში მოეწყო. მირზაანში დაცული 14 ნამუშევრიდან ბათუმში 13 ჩამოიტანეს. გამოფენა საზეიმოდ აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამიშვილმა გახსნა.
„ გამოფენილი კომპოზიციები პირველად ვნახე და აღფრთოვანებული ვარ ნახატების ორიგინალში ნახვით. ვიცი მისი ბიოგრაფია, შემოქმედება, თუმცა წარმოდგენილმა ნახატებმა დამამუნჯა, გაოცებული ვარ. აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ასე მარტივად და დიდებულად შექმნას ადამიანმა ნამდვილად საოცარია“,- ამბობს გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი ლია კასპელაშვილი.

11118061_979243938793016_2481730442814899716_n

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს , რომ ფიროსმანის ნახატები ბათუმში ერთი თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი და მისულ დამთვალიერებელს ნამუშევრების ორიგინალში ნახვა შეეძლებათ. „ მადლობას ვუხდით აჭარის კულტურის სამინისტროს და აჭარის ხელოვნების მუზეუმს. მათი დახმარებით, საზოგადოებამ წარმოდგენილი ნახატების მეშვეობით უფრო მეტი გაიგო ფიროსმანის შესახებ. მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ფიროსმანით და სხვა მუზეუმებით გავაგრძელებთ, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი არტეფაქტები და ძეგლები. რომანოვების „ფაიფური“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მალე დაიწყებს მოგზაურობას. ვქიფრობ, რომ მსგავსი ნიმუშები ამიერკავკასიაში არ არსებობს“. აღნიშნა ნიკოლოზ ანთიძემ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი პროგრამა“ მუზეუმის კოლექციიდან“ ეროვნული სააგენტოს მუზეუმებში დაცული ნამუშევრების პოპულარიზაციას და ქცვეყნის მასშტაბით საზოგადოების ფიროსმანთან დაახლოებას გულისხმობს. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა , ვიდრე მოსალოდნელი იყო.

11133823_979243918793018_5518370374950740054_n

ფიროსმანის კოლექცია წინანდალში ერთი თვის განმავლობაში 9 743 დამთვალიერებელმა იხილა, რაც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 2014 წლის მაისის თვეში დაფიქსირებულ ვიზიტორთა რაოდენობას ორჯერ აღემატება. რაც შეეხება ქუთაისს, ისტორიულ სახელმწიფო მუზეუმში ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული გამოფენის შედეგებს, ამ პერიოდში ფიროსმანის გამოფენაზე , დამთვალიერებელთა რაოდენობამ , ქუთაისის მუზეუმს წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სტუმრიანობას გადააჭარბა. ფიროსმანის მოგზაურობის პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მირზაანში ფიროსმანის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეებისა და ფონდების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება ფიროსმანის ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული ნამუშევართა- „შოთა რუსთაველისა“ და „ქალი სააღდგომო კვერცხებით“ რესტავრაცია.
ფიროსმანის ნახატები, რომლის ჩვენებაც ბათუმში პირველად იმართება,რომელიც საქართველოს ირგვლივ ბოლო სამი თვეა მოგზაურობს.
შეგახსნებთ, რომ ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი ნახატი “არსენალის მთა ღამით” გასაყიდად, რამდნიმე დღის წინ კრისტის აუქციონზე, იყო გატანილი. აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა. იგი ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო. ტილო ბოლოს 2010 წელს გაიყიდა ლონდონის აუქციონზე. მანამდე იგი 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს. საბოლოოდ ნახატი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. არსებული ინფორმაციით, ნახატი 800 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.როგორც ცნობილია ბიზნესმენი კრისტის აუქციონზე შეძენილ ფიროსმანის შედევრს ხელოვნების მუზეუმს გადასცემს.

ავტორი: მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი