მთავარი საზოგადოება თბილისის მერიის დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები წელს ურეკის ნაცვლად,...

თბილისის მერიის დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები წელს ურეკის ნაცვლად, ანაკლიაში დაისვენებენ

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, 75 შშმ პირი მშობლებთან ერთად ანაკლიაში ადაპტირებულ სასტუმრო “ოქროს საწმისში” განთავსდება და 13 დღე დაისვენებს. სულ, სექტემბრის ჩათვლით, ზღვის კურორტზე 1 200 შშმ პირი და მათი მშობელი გაემგზავრება.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, დღემდე შშმ ბავშვები და მოზარდები ურეკში არასათანადო პირობებში ისვენებდნენ.
“იმის გამო, რომ მომწოდებელმა ვერ დააკმაყოფილა სატენდერო პირობები, მიმდინარე წელს, მშობლებმა ანაკლიაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენების შეთავაზება მიიღეს, რასაც ისინი სიხარულით შეხვდნენ”, – განაცხადა მან.
გელა ჩივიაშვილის თქმით, როგორც მთის, ისე ზღვის კურორტზე დასასვენებელი პირობები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, რამაც საგზურის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, პროგრამის დანაზოგიდან საჭირო გახდა დამატებითი რესურსის გამოძებნა და ზღვის კურორტზე 150 საგზურის დამატება. შექმნილია სარეზერვო სიები და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ნაკადში ჩასმული პირი კურორტზე ვერ წავა, შემოტანილი განაცხადების რიგითობის მიხედვით მოხდება მათი დაკმაყოფილება. დღეისათვის სარეზერვო სიაში 250 შშმ პირის (სულ, 500 კაცის) განაცხადია შესული.
სულ, შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, მთისა და ზღვის კურორტზე 1700 შშმ პირი და მათი მშობელი დაისვენებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი