მთავარი სოფლის მეურნეობა გაეროს მიერ საქართველოს პროგრესი სოფლის მეურნეობის განვითარებაში განსაკუთრებულად აღინიშნა

გაეროს მიერ საქართველოს პროგრესი სოფლის მეურნეობის განვითარებაში განსაკუთრებულად აღინიშნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით იტალიაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 39-ე სესიაზე იმყოფებოდა.
სესიის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ამოცანების შესრულებისადმი მიძღვნილ რაუნდში – შიმშილთან ბრძოლაში მიღწეული შედეგებისათვის – დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველო სოფლის მეურნეობის კუთხით ბოლო პერიოდში გატარებული სწორი დარგობრივი პოლიტიკისთვის დაჯილდოვდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სესიაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ახლადარჩეულმა გენერალურმა დირექტორმა, გრაციანო დე სილვამ სერტიფიკატი პირადად გადასცა.
39-ე სესიაზე წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა სურსათისა და სოფლად არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინეს.
„მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც სესიაზე საქართველოს სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებზე გაკეთდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული დელეგეციის ორმხრივი შეხვედრები, რომლებზეც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილება“, – განაცხადა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში კახა სიხარულიძემ.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორაგნიზაციის (FAO) 39-ე სესია 12 ივნისს ოფიციალურად დაიხურება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი