მთავარი რეგიონი ბათუმში შინმოვლის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვა ამ დრომდე არ დაწყებულა

ბათუმში შინმოვლის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვა ამ დრომდე არ დაწყებულა

0 866

ბათუმში შინმოვლის პროგრამით მოსარგებლეთათვის მერიის მიერ გამოყოფილი 170 000 ლარის ხარჯვა ამ დრომდე არ დაწყებულა. შესაბამისი ფინანსები 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, თუმცა წლის დასაწყისიდან 6 თვე გავიდა და ბენეფიციარები მათთვის განკუთვნილ მომსახურებას ვერ იღებენ. ამის მიზეზი კი, დოკუმენტური შეუსაბამობაა.
შინმოვლის პროექტის დაფინანსება ბათუმის მერიის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და ამისთვის 170 000 ლარი გამოიყო. თუმცა გამოცხადებული ტენდერი ორჯერ იმის გამო ჩავარდა, რომ გამარჯვება არაკვალიფიციურ მიმწოდებელს – სამშენებლო კომპანიას მიენიჭა, რომელიც დავების განხილვის საბჭოს მიერ დისკვალიფიცირებული იქნა. ივნისის თვეში მას კიდევ ერთი შანსი მიეცა და მესამედაც გაიმარჯვა.
შინმოვლის პროგრამასთან დაკავშირებული ხარვეზები იყო ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე განახილველი საკითხი. ღონისძიებას მერიის წარმომადგენლებიც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა მათ დარბაზი შეხვედრის დაწყებამდე დატოვეს. საკრებულოს წევრებმა ხანგრძლივი ზრუნვის საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის შეჩერებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. აღიშნულ საკითხზე დეპუტატებთან კოალიცია “შინმოვლა საქართველოში” აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ვახანიამ ისაუბრა.
„ისედაც დაგვიანებით გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულად დასახელდა კომპანია, რომელიც მანამდე სასაფლაოს მოწყობით, ოფისების დასუფთავებით და მსგავსი საქმიანობებით იყო დაკავებული. მან ფასი 44%-ით შეამცირა. ცხადია, ის არ აკმაყოფილებდა ტენდერის პირობებს, რის საფუძველზეც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს მიერ დისკვალიფიცირებული იქნა. მომდევნო ადგილზე გასული პრეტენდენტის გამარჯვებულად დასახელების ნაცვლად, რატომღაც ტენდერი შეწყდა და უკვე აპრილის თვეში ხელახლა ჩატარებულ ტენდერში სხვა კომპანიის სახელს ამოფარებულმა დისკვალიფიცირებულმა კომპანიამ კვლავ მკვეთრად – 41%-ით შეამცირა ფასი და კიდევ ერთხელ უმართებულოდ დასახელდა გამარჯვებულად. ისტორია გამეორდა: დისკვალიფიკაცია და ისევ ტენდერის გაუგებარი შეწყვეტა. ამის შემდეგ, დისკვალიფიციკაციის მიზეზები ამოღებული იქნა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან და მესამე ცდაზე ისედაც არაადეკვატურ ღირებულებამდე შემცირებული თანხის 30%-ით შემცირებით იგივე სურათი მივიღეთ. ახლაც შეგვიძლია მის დისკვალიფიკაციას მივაღწიოთ არაკვალიფიციურად შედგენილი დოკუმენტაციის მიზეზით, თუმცა პროცესი უკვე ჩიხში შევიდა და სიტუაცია ასეთია: 170 400 ლარიანი ბიუჯეტი შემცირებულია 40 000 ლარამდე, დაკარგულია სერვისის მიწოდების 6 თვე, ბათუმში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები დარჩენილი არიან მესაფლავე-დამლაგებელი პროფილის კომპანიის იმედზე. გამოსავალი ადვილი არ იქნება – გადაწყვეტილი გვაქვს სამოქალაქო მონიტორინგის სისტემის ფორმირება, რაშიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გვეხმარება, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით”,- განაცხადა უჩა ვახანიამ.
ამასთან, როგორც კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ასეთი სისტემის არსებობის პირობებში, მგავს სიტუაციაში, მერიას მოუწევს რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა დაინტერესებული პირებისთვის.
“კერძოდ, რატომ გამოცხადდა ტენდერი დაგვიანებით, რატომ მიენიჭა ორჯერ დაუსაბუთებელი გამარჯვება პრაქტიკულად ერთ არაკვალიფიციურ ორგანიზაციას, რატომ არ გაგრძელდა ტენდერი ორივე შემთხვევაში, რატომ არ დაინტერესდა მკვეთრად შემცირებული ფასების დასაბუთებით; და საერთოდ, რატომ დაიკარგა ბენეფიციარებისთვის პროგრამის ბიუჯეტის სამ მეოთხედზე მეტი, რატომ დარჩნენ ბენეფიციარები მომსახურების გარეშე ნახევარი წლის განმავლობაში, რატომ არიან დაშვებული პაციენტებთან სამუშაოდ სათანადო კვალიფიკაციის არმქონე ადამიანები”,- განაცხადა ვახანიამ.
საკითხის მოსმენის შემდეგ საკრებულოს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ამ თემაზე შეკითხვები მათაც გაუჩნდათ და უახლოეს პერიოდში მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
“ჯანდაცვის კომისია გააკეთებს ანალიზს თუ როგორ ჩატარდა, რა ხარისხით ჩატარდა და ხორციელდება შინმოვლის პროგრამა. ამ საკითხზე არსებობს შინმოვლის სფეროში მომუშავე კომპეტენტური კოალიციის ანალიზი. სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება ობიექტური სურათი იმისა, თუ რა რეკომენდაციებით, რა შენიშვნებით უნდა მივმართოთ ახლა უკვე მერიას იმისთვის, რომ დაიწყოს სწორი სატენდერო პირობების ჩამოყალიბებაც და სწორი განხორციელების გზების პოვნაც,”- განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა კობა ჩხეიძემ.
აღნიშნულ საკიტხზე განცხადება საკრებულოს კიდევ ერთმა დეპუტატმა გააკეთა. “ქათული ოცნების” წარმომადგენელი თამაზ თურმანიძე განმარტავს, რომ იგი საქმის დეტალებში გარკვეულია.
“რათქმაუნდა, სატენდერო პირობებში კვალიფიკაცია უნდა იყოს ანგარიშგასაწევი, მაგრამ რადგან ეს ახალი პროგრამაა, განცხადებების გაკეთება მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის და იმ პრგოგრამის წარმომადგენლის პრეროგატივაა, ვინც ეს პროგრამა გააკეთა. როგორც აგვიხსნეს – ტარიფები, ერთ მისვლაზე რამდენი მედიკამენტი სჭირდება ბენეფიციარს, ან ვთქვათ რამდენი ხელფასი სჭირდება მომვლელს, საშუალო რომ გამოვთვალეთ, ამ ყველაფრის მიწოდება სავსებით შესაძლებელია დღეს დასახელებული ფასით”,- განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა თამაზ სურმანიძემ.
პროცედურული გაურკვევლობის გამო, უკვე ნახევარი წელია, ბათუმში ხანგრძლივის მოვლის საჭიროების მქონე 90 პირი სერვისს ვერ იღებს. ამ დრომდე უცნობია როდიდან შეძლებენ ისინი შინმოვლის პროგრამით სარგებლობას და როგორი ხარისხის იქნება სამშენებლო კომპანიის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურება.

მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი