მთავარი Blog “რა დიდი სირცხვილია!” – პოლიტიზირებული ხელოვნება

“რა დიდი სირცხვილია!” – პოლიტიზირებული ხელოვნება

გუშინ, 23 მაისს, ევროვიზია 2015-ის ფინალური ტური გაიმართა. დასკვნით ტურში, სულ 27 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ –  საქართველო, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი…  საქართველოს სახელით, კონკურსზე ნინა სუბლატი წარსდგა – სიმღერით “WARRIOR”.

წესების თანახმად, ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნების მიერ  ხმის მიცემით და მის პროპორციულად დაწერილი ქულებით გამოვლინდება.  ამ შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე შვედეთის წარმომადგენელი გავიდა 365 ქულით, მეორე ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა – პოლინა გაგარინამ დაიკავა,  303 ქულით. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მეთერთმეტე ადგილი გხვდა წილად და ჯამში 51 ქულა დავაგროვეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედეგები ნამდვილად მოულოდნელი იყო. მართალია, იმის შანსები, რომ საქართველო გაიმარჯვებდა, ძალიან მცირე იყო, გამომდინარე ევროვიზიის კონკურსის პოლიტიკური ხასიათისა, თუმცა, საპატიო ხუთეულში მოხვედრის მოლოდინი ნამდვილად არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობდა კონკურსის წინ და მისი მსვლელობისას სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებიდან , ასევე საერთაშორისო მედიისა თუ კრიტიკოსების შეფასებებიდან . ნინა სუბლატი ნამდვილად იყო ის კონკურსანტი, რომელიც თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა –  ის აღიარეს კონკურსის ყველაზე ლამაზ მონაწილედ, “Warrior” შეფასდა, როგორც სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობდა თანამედროვე მუსიკალურ ტენდენციებს, ასევე დიდი  ყურადღება გამოიწვია მისმა სასცენო იმიჯმა, რომელიც პირველი ნახევარფინალური კონცერტის შემდეგ, მედიის განხილვის საგანი გახდა. “ძლიერი და ლამაზი”, “მებრძოლი ნინა საქართველოდან” – ეს იმ შეფასებების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები მოიხსენიებდნენ ნინა სუბლატს. BBC-ის , TELEGRAPH-ის  და სხვა ლიდერი მედია საშუალებების სტატიებში, საქართველოს წარმომადგენელზე ყოველთვის აქცენტი იყო გაკეთებული, და რაც მთავარია, დადებითი კუთხით.

აქედან გამომდინარე, წინასწარი პროგნოზები საქართველოს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა, შედეგების  გამოვლენის დროს, სრულიად სხვა ტენდენციები გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ყოველთვის აკრიტიკებენ რუსეთს, განსაკუთრებით კი უკრაინის მოვლენების შემდგომ – ბევრმა ევოროპულმა ქვეყანამ ქულების უმრავლესობა სწორედ რუსეთს მიანიჭა. რა საკვირველია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს მოსაზრება, რომ რუსეთი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი არაფერ შუაშია, რომ ეს სიმღერის კონკურსია და ხელოვნებას არაფერი არ აქვს საერთო პოლიტიკასთან, მაგრამ მრავალწლიანი გამოცდილებით ნამდვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროვიზიის შემთხვევაში, ეს ასე არ არის. დღეს კი შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ – დიახ, ევროვიზია ცალსახად პოლიტიკური კონკურსია – პოლიტიკური სტრატეგიით!

ის, რომ მსოფლიოსათვის საქართველო ნაკლებად ავტორიტეტული ქვეყანაა, გუშინ ნათლად გამოიხატა, უბრალოდ, აქ დგას კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი – რატომ მიიღო საქართველომ სხვა წლებთან შედარებით დაბალი შეფასება მაშინ, როცა 2015 წლის ევროვიზიის კონკურსზე საუკეთესო წარმომადგენლით გამოვდიოდით.

ასეა თუ ისე, ევროვიზიის კონკურსზე უამრავი დეტალია, რომელიც ე.წ  შიდა სამზარეულოში ხდება. ეს დეტალები, ალბათ, მას შემდეგ გახდება ჩვენთვის უფრო გასაგები, რაც ნინა საქართველოში დაბრუნდება და ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს. მანამდე კი არის საზოგადოების ცალსახად უარყოფითი შეფასებები შედეგების მისამართით და ნინას უპირობო მხარდაჭერა ( თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს –  თინა კანდელაკს, რომელმაც რუსეთის წარმომადგენელი უპირობო ლიდერად გამოაცხადა ).

დაბოლოს, მოვახდენ ნინას ერთადერთი კომენტარის ციტირებას, რომელიც მან ფინალის  შემდეგ გაააკეთა  - “რა დიდი სირცხვილია!”

 

 

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი