მთავარი ეს საინტერესოა მუზეუმის კვირეული: ვიტალი კაპანაძის საიუბილეო გამოფენა

მუზეუმის კვირეული: ვიტალი კაპანაძის საიუბილეო გამოფენა

2015 წლის 17 მაისს 17:00 საათზე მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ქუთაისელი მხატვრის, ვიტალი კაპანაძის 70 წლის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული 200-მდე ფერწერული ტილო.

დავით კაკაბაძის პრემიის ლაურეატის, ვიტალი კაპანაძის ნამუშევრები არაერთხელ გამოფენილა, როგორც საერთაშორისო და ჯგუფურ, ასევე პერსონალურ გამოფენებზე.

ხელოვნების მუზეუმში კი ავტორის ყველაზე ფართომასშტაბიანი პერსონალური გამოფენა მოეწყობა, სადაც მისი შემოქმედების თითქმის ყველა ჟანრი და ეტაპი იქნება წარმოჩენილი.

ღირსების ორდენოსანი ფერმწერი 1974 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია და მრავალი სიგელი თუ პრემია აქვს მიღებული, როგორც წლის საუკეთესო ნამუშევრის ნომინაციაში, ასევე როგორც წლის საუკეთესო ხელოვანს.

მხატვრის ნამუშევრების გარკვეული ნაწილი დაცულია რუსეთში, მოსკოვში ტრეტიაკოვსკის სახელმწიფო გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა მეგობრობის მუზეუმში. ასევე ნიუპორტის ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, სტალინის სახლ-მუზეუმსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.

გამოფენა 2015 წლის 7 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი