მთავარი სამართალი დავით სერგეენკო: კომპანია “ევექსმა” დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგა

დავით სერგეენკო: კომპანია “ევექსმა” დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგა

0 924

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით კომპანია “ევექსმა” დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგა.

“კომპანია “ევექსმა” სამწუხაროდ, ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგა. მე არ ვიცი რამდენად გამოიწვია ამან ადამიანის გარდაცვალება, ჩვენ ამას უახლოეს საათებში დავადგენთ და გვეცოდინება. ვფიქრობთ, დავარეგულირებთ სიტუაციას ისე, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სკანდალი, რომელიც კომპანია “ევექსს“ უკავშირდება,  25 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება გახლავთ.

გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, დავით დავითაძე მუცლის არეში იყო დაჭრილი და საკუთარი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, თუმცა საავადმყოფოში ქირურგის არყოფნის გამო იგი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.

დაჭრილის დასახმარებლად ქირურგი ხულოდან გამოიძახეს,  მაგრამ რეანომობილი გამოძახებიდან მხოლოდ 2 საათში მივიდა კლინიკაში. კომპანია “ევექსმა”, რომელსაც აჭარის მაღალმთიანეთის სამივე რაიონში არსებული კლინიკები ეკუთვნის, რიგი მომსახურებების განხორციელებაზე უარი განაცხადა, რის გამოც აღნიშნული პრობლემა შეიქმნა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ჯემალ ფუტკარაძე 25 წლის ახალგაზრდის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და “ევექსს“ აკისრებს.

“როდესაც მივიღე ჯერ სატელეფონო შეტყობინება, ხოლო შემდეგ საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ჩემს მშობლიურ რაიონში დაიღუპა ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცი რა თქმა უნდა გული დამწყდა და დავიწყე ინფორმაციის გადამოწმება და რაც მოვისმინე არ ჯდება არავითარ ლოგიკის ჩარჩოში: დაჭრილი პაციენტი დაიღუპა არა გზაში საავადმყოფოში გადაყვანის დროს, არა საოპერაციო მაგიდაზე- ექიმების მზრუნველობის ქვეშ, არამედ… ექიმების მოლოდინში. ჩვენს კუთხეში, მაღალმთიან აჭარაში ხულოს, შუახევის და ქედის მოსახლეობა უკვე განწირულია- 2015 წლის 25 აპრილიდან სამედიცინო კორპორაცია ” ევექსმა” შეწყვიტა ზემოთ აღნიშნულ რაიონებში გადაუდებელი სტაციონარული და გეგმიური ქირურგიული მომსახურეობა, მშობიარობა და საკეისრო კვეთა. შპს “უნიმედ-აჭარის” შუახევის სამედიცინო ცენტრში მიყვანილ დაჭრილ ახალგაზრდას ექიმის ( ქირურგის) არარსებობის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს “,  – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი